„ინტერმა“ ნიკოლო ბარელა ტრანსფერზე დააყენა. როგორც Calciomercato იტყობინება, კლუბის ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ იტალიელი ნახევარმცველი ხელშეუხებელთა შორის არ არის.
საქმე ისაა, რომ „ინტერს“ ბიუჯეტის შესავსებად მიმდინარე ზაფხულს გუნდის რომელიმე ლიდერის გაყიდვა მოუწევს. ამიტომაც, ანდრე ონანასთან ერთად სიაში ბარელაც მოხვდა. ეს არ ნიშნავს, რომ მას აუცილებლად გაყიდიან, მაგრამ სასურველ შეთავაზებას განიხილავენ.
იტალიური მედია წერს, რომ „ნერაძურიში“ ბარელას სანაცვლოდ 80-90 მილიონი ევროს გამომუშავებას იმედოვნებენ. თავის მხრივ, რამდენიმე დღის წინ დაიწერა „ნიუკასლ იუნაიტედის“ ინტერესის შესახებაც, რომელიც 60 მილიონს იხდიდა. ამასთან, ვრცელდება ცნობა, რომ „ინტერმა“ ნიკოლო შეიძლება „ჩელსის“ შესთავაზოს რომელუ ლუკაკუს გამოსასყიდად.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ბარელა „ინტერში“ 2019 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ 187 მატჩში 20 გოლი გაიტანა, მანამდე კი „კალიარისა“ და „კომოში“ თამაშობდა. იტალიის ნაკრებში მის აქტივში 44 შეხვედრა და 8 გოლია, ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა.