„საუსოლოს“ ნახევარმცველი დავიდე ფრატეზი ევროპული კლუბების ინტერესის სფეროშია, მაგრამ ესპანეთთან მატჩის შემდეგ იტალიელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ იტალიაში დარჩენა სურს.
ცნობილია, რომ ფრატეზის სანაცვლოდ „სასუოლო“ 40 მილიონ ევროს ითხოვს, სამშობლოში კი მისით „იუვენტუსი“, „ინტერი“ და „რომა“ ყველაზე მეტად ინტერესდებიან, თუმცა, ახსენებენ „ნაპოლისა“ და „მილანსაც“.
„უცხოეთში წასვლისთვის მზად არ ვარ. იტალიაში დარჩენა მინდა და კლუბს ამის შესახებ ვუთხარი“, - აღნიშნა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.
„სამწუხაროა, რომ ბიჭს პრემიერლიგაში წასვლა არ უნდა, რადგან ინგლისიდან ყველაზე მნიშვნელოვანი შეთავაზებები გვაქვს. სიტუაციას შევაფასებთ, მაგრამ სამივე მხარეს მოგვიწევს ამის გაკეთება, გადაწყვეტილებებს მხოლოდ ფეხბურთელი არ იღებს“, - თქვა „სასუოლოს“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ.
23 წლის ფეხბურთელმა „ლაციოსა“ და „რომას“ აკადემიებში ითამაშა, პროფესიონალურ დონეზე კი „ასკოლის“, „ემპოლისა“ და „მონცას“ წევრი იყო. 2021 წლიდან ის „სასუოლოში“ ირჯება და 76 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი. იტალიის ნაკრებში ფრატეზის აქტივში 5 მატჩია.