ფეხბურთი

22:35 | 15.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "სამწუხაროა, მაგრამ ადამიანურად კვარაცხელიას და მიქაუტაძის პოზიცია მისაღებია"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ კვიპროსთან ამხანაგური მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან ასევე ისაუბრა ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძეზე, რომლებიც საბოლოო განაცხადში არ არიან.

„პირველი რაც მინდა აღვნიშნო, არის ის, რომ რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ კვარაცხელია და მიქაუტაძე ვერ დაგვეხმარებიან. თუმცა, მეორე მხრივ, ყველამ მოვისმინეთ მათი პოზიცია, ადამიანური თვალსაზრისით ეს პოზიცია ჩემთვის მისაღებია. მათ მხოლოდ და მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, მომავალში მათთან ერთად ძალიან კარგი შედეგები გვექნება. ორი აზრი არ არსებობს, რომ მათი ყოფნა, სერიოზული ძალა იქნებოდა. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორები, რაზეც ვისაუბრეთ და ამიტომ, როგორც ადამიანს, მესმის მათი გადაწყვეტილება. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ერთი გუნდი. ისინიც ჩვენი ოჯახის წევრები არიან, მაგრამ დღეს ასეთი სიტუაციაა.

გააჩნია, როგორი ტაქტიკით ვითამაშებთ, გაგუას და გულიაშვილს შეუძლიათ ფორვარდის პოზიციაზე თამაში. ლადო ჩიხრაძემ დაიმსახურა ჩვენთან ერთად ყოფნა, მაგრამ საბოლოო სიაში მოსახვედრად მჭირდებოდა, უფრო ინფორმაცია, იმიტომ, რომ საკუთარ კლუბშიც კონკრეტულ სიტუაციასა და კონკრეტულ დროს გამოდის მოედანზე. გარდა ამისა, არ მომეცა მისი გამოყენების საშუალება ამხანაგურ შეხვედრებშიც. არ იყო მარტივი არჩევანი, ეს ეხება ყველა ფეხბურთელს, რომელიც ვერ მოხვდა საბოლოო განაცხადში. ჩემი აზრით, საბოლოო შემადგენლობა ლოგიკური და სამართლიანია.

დღეს სათამაშო სისტემა რამდენჯერმე შეიცვალა. გვინდოდა, რომ რამდენიმე ვარიანტი მოგვესინჯა. იყო მომენტები, როცა გაამართლა, იყო ხარვეზებიც, მაგრამ ამას ანალიზი სჭირდება. წიტაიშვილი შეკრების პირველ დღეებში ცოტა მძიმედ გამოიყურებოდა, მაგრამ ყველამ ერთად ვნახეთ, რომ დღეს ბევრად უკეთეს ფორმაში იყო. მას აქვს ერთი დადებითი თვისება - ყოველთვის ბოლომდე იხარჯება, აქვს კლასი და ხარისხი, რაც საჭიროა ევროპის ჩემპიონატისთვის. პირადად მე, მისი ძალიან მეიმედება და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იქნება.

მექვაბიშვილი ნაკრების კაპიტანი, ერთ-ერთი ლიდერი და ღერძია, ამიტომ, მისი ყოფნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც გამოცდილებაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ ეროვნულ ნაკრებში თამაშს, რადგან ისინი მიჩვეულები არიან წნეხის ქვეშ თამაშს. შესაბამისად, მისი ფეხზე დადგომა უმნიშვნელოვანესი იქნება ჩვენთვის, განსაკუთრებით პირველ თამაშზე. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რეაბილიტაციის კურსს გადის და მაქსიმუმ ორ დღეში პასუხი გვეცოდინება.

ეროვნული ნაკრების წევრები 21-ში დილით უკვე ჩვენთან იქნებიან. რა თქმა უნდა, მქონდა მათთან საუბარი, პოზიტიურად, იმედიანად არიან განწყობილნი და ევროპის ჩემპიონატს ელოდებიან“, - თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები, რომელიც ტურნირის დებიუტანტია, ჯგუფში პორტუგალიას (21 ივნისი), ბელგიას (24 ივნისი) და ნიდერლანდებს (27 ივნისი) დაუპირისპირდება.

საქართველოდან ჩემპიონატს თბილისი, ქუთაისი და ბათუმი უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115018