ტელეკომპანია DAZN-ის ჟურნალისტმა ალესიო დე ჯუზეპემ განაცხადა, რომ გასულ სეზონში მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ხვიჩა კვარაცხელიამ მოახდინა. იტალიელის აზრით, კვარას თამაშის უჩვეულო ხედვა აქვს და განსაკუთრებით ბურთის გაჩერების მანერით გამოირჩევა.
გარდა ამისა, მან ისიც თქვა, რომ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსს“ შორის გასულ სეზონში სხვაობა ამ გუნდების ვარჯიშებზე დასწრების შემდეგ თვალნათლივ დაინახა.
„ძალიან ბანალური ვიქნები, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კვარაცხელიამ მოახდინა. მისმა ბურთთან შეხებამ. გამიმართლა, რომ ძალიან ახლოდან ვნახე მისი თამაშები და დავინახე, როგორ აჩერებდა ბურთს და როგორი მოძრაობები ჰქონდა. შემიძლია გითხრათ, რომ უნიკალური სიმარტივით თამაშობდა. ეს არის ფეხბურთელი, რომელმაც სინათლე აანთო, თამაშის უჩვეულო ხედვა აქვს. მეორე ადგილზე დავაყენებდი კიმს, მისი ფიზიკური უნარების გამო.
მე ვუყურე „ნაპოლის“ და „იუვენტუსის“ ვარჯიშებს და შემიძლია ვთქვა, რომ ბურთის მოძრაობის სიჩქარე და ხარისხი სრულიად განსხვავებული იყო. „აძურის“ ვარჯიშზე ბურთი ძალიან სწრაფად მოძრაობდა, მოედანს არასდროს ტოვებდა. ვფიქრობ, ეს ის თვისებაა, რაზეც აქცენტი მომდევნო სეზონში ახალმა მწვრთნელმაც უნდა გააკეთოს“, - თქვა დე ჯუზეპემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში თავი 14 გოლით და 14 საგოლე პასით გამოიჩინა, გარდა ამისა, 5-ჯერ პენალტი მოიპოვა.