თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ სერია A-ს ფინალურ სერიაში „ოლიმპია მილანოს“ პირველი მატჩი მოუგო და ჩამორჩენა შეამცირა.
სერჯო სკარიოლოს გუნდმა ზედიზედ ორჯერ სტუმრად წაგების შემდეგ მილანელებს ბოლონიაში უმასპინძლა და 69:61 აჯობა. მასპინძლებმა მეორე და მესამე პერიოდი ჩაატარეს მაღალ დონეზე, რამაც საბოლოო გამარჯვებაც განაპირობა.
შენგელიამ 24 წუთში 4 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 3 სამქულიანი ააცილა, საჯარიმო კი არ უსვრია. მოხსნებში ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო, პასებით კი მხოლოდ თანაგუნდელ მილოშ ტეოდოშიჩს ჩამორჩა (7).
სერიაში ანგარიშია 2:1 „ოლიმპია მილანოს“ სასარგებლოდ, ხოლო მომდევნო მატჩი 16 ივნისს, ისევ ბოლონიაში გაიმართება.