ანტონიო კონტემ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნეაპოლში ტიტულის მოგება ადვილი არ არის. იტალიელი სპეციალისტის აზრით, კლუბმა შესაფერისი ფეხბურთელები იპოვა, ხვიჩა კვარაცხელია კი ჩემპიონობაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„ვულოცავ „ნაპოლის“ ფეხბურთელებს, ლუჩანოს და კლუბს. ნეაპოლში მოგება ადვილი არ არის, რადგან ხალხი კლუბზე ძალიან მიჯაჭვულია. სპალეტიმ რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთა და კლუბმა შესაფერისი მოთამაშეები შეიძინა, თან სწორი გარემოს შექმნა მოახერხა. გუნდმა კარგი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ ამის მიუხედავად, ბურთის დაბრუნებაშიც ძალიან ორგანიზებული იყო. ისეთი ფეხბურთელები იპოვეს, როგორებიც კვარაცხელია და კიმი არიან, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყვნენ, ლობოტკა და ოსიმენი საოცრად იზრდებოდნენ და სპალეტიმ ფეხბურთელებში კონკურენცია შექმნა. სამწუხაროა, რომ სპალეტის ნეაპოლური კარიერა შეწყდა, რადგან საფუძველი მყარი იყო და კიდევ ერთხელ გამარჯვება შეეძლო, მაგრამ არჩევანს პატივი უნდა სცე. თუმცა, ვფიქრობ, მათ გამარჯვებების ციკლის გახსნა შეეძლოთ“, - თქვა ანტონიომ.
კონტემ თავის მომავალზეც გააკეთა კომენტარი: „მწვრთნელობის სურვილი ყოველთვის არსებობს, ვნება არასდროს ქრება. თუ იქნება სერიოზული შეთავაზება, განვიხილავ, როგორც იტალიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე ლონდონის „ტოტენჰემიდან“ გათავისუფლების შემდეგ უმუშევარია.