კალათბურთი

11:40 | 13.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დენვერის" ისტორიული ტრიუმფი და იოკიჩის დამსახურებული MVP: "ნაგეტსი" NBA-ის ჩემპიონია (+VIDEO)

მთავარი მატჩი შედგა და ისტორიაში პირველად „დენვერ ნაგეტსმა“ NBA მოიგო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ნიკოლა იოკიჩის დამსახურება და რომ არა სერბი, ეს ასე არ მოხდებოდა.

28 წლის ნიკოლა ბრწყინავდა ყველა კომპონენტში. თავადვე ხსნიდა, ბურთს თავადვე ანაწილებდა და რაც ყველაზე მაგრად გამოსდის, თავადვე აგდებდა. არ იგულისხმება, მხოლოდ ფინალური სერიის მე-5 თამაში, არამდედ ყველა განვლილი და ამაზე კარგად მეტყველებს ის სამმაგი დუბლებიც, რომელიც ჩემპიონობის გზაზე გაიარა.

ნიკოლა იოკიჩმა, NBA-ის ფინალის MVP მოიპოვა, რაც სრულიად დამსახურებული იყო. სერბმა ბოლო შეხვედრაში საკუთარ გუნდს 28 ქულა მოუტანა და 16 მოხსნაც დაამატა. გარდა ამისა ჰქონდა 4 პასი და 1 დაფარება.

იოკიჩი ხუთმატჩიან სერიაში საშუალოდ 30.2 ქულას, 14.0 მოხსნას და 7.2 პასს აგროვებდა. მისი საუკეთესო სტატისტიკური მაჩვენებელი 32-ქულა, 21-მოხსნა, 10-ასისტი იყო. მათ ერთადერთი თამაში წააგეს, რომელშიც ნიკოლამ 41 ქულა მოაგროვა.

„"საქმე დამთავრებულია, ახლა სახლში მშვიდად წასვლა შეგვიძლია. არ ვფიქრობ მომავალ წელზე, ვაპირებ მწვრთნელს ვთხოვო, რომ კიდევ რამდენიმე კვირა მომცეს, რათა ახალი სეზონისთვის მზად ვიყო", - თქვა იოკიჩმა ფინალის შემდეგ.

„დენვერმა“ სეზონი მეხუთე შეხვედრაში დახურა, როდესაც „მაიამი ჰიტი“ 94:89 დაამარცხა და გამარჯვება Ball Arena-ზე, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე აღნიშნა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მეტოქეს ანგარიშის შემცირების შანსი არაერთხელ ჰქონდა. მათ შორის ბოლო წუთებშიც, მაგრამ ჯიმი ბატლერმა და კამპანიამ ეს შანსი ხელიდან გაუშვეს.

ჩემპიონი გუნდიდან კარგი შეხვედრა ჰქონდათ მაიკლ პორტერს და ჯამალ მარის. პირველმა მათგანმა 16 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგუ დუბლი გაიფორმა, ხოლო მარის ანგარიშზე 14 ქულა, 8 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა იყო.

ქების ღირსია ჯიმი ბატლერი, რომელმაც მიუხედავად მარცხისა, მთლიანი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა. დღესაც იბრძოლა, საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო, ისე კი იოკიჩის შემდეგ მეორე. სეზონი კი 21 ქულით, 3 მოხსნითა და 5 პასით დაასრულა.

20 ქულითა და 12 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა ადებაიოს. ამრიგად მაიამელებს წინ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი. თუმცა ეს წელი მაინც წარმატებულად ჩაითვლება, რადგან გუნდმა პლეი ინიდან, საჩემპიონო გზას 2 გამორჩეული ფავორიტი გამოთიშა.

1979 წლის შემდეგ „ნაგეტსი“ გახდა პირველი ჩემპიონი დასავლეთ კონფერენციიდან, რომელიც არც კალიფორნიიდან არის და არც ტეხასიდან.

ალბათ ახლა დენვერში ყველაზე მეტად 2014 წელს დრაფტზე გაკეთებული არჩევანით ამაყობენ, რადგან იოკიჩი სწორედ მაშინ დაიმატეს და ნანატრი შედეგიც დადგა. ნიკოლას ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა მოთამაშეებით უნდა შეუქმნას ის ბირთვუ, რომელიც გუნდს კვლავ წარმატებას მოუტანს.

"ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი მოთმინებით მიზანს მივაღწიეთ. კარგი დრაფტით და იმ მოთამაშეების განვითარებით, რომელიც ამ საოცარ გარემოს ქმნის. ჩვენთვის არასდროს ყოფილა ნაჩქარევი მენტალიტეტი. ვფიქრობ, მეტი გუნდი შეეცდება, მომავალში მოგვბაძოს“, - განაცხადა მაიკლ მელოუნმა.

დენვერ ნაგეტსმა დაუვიწყარი მატჩები და მოგონებები შექმნა. ეს ემოციები ალბათ ბევრისთვის დაუვიწყარია და NBA-ის 2023 წლის გათამაშება კიდევ დიდი ხანი ემახსოვრებათ. კოლორადოელებს კი ზეიმის უფლება აქვთ და მთელი მომდევნო სეზონი გვირგვინოსნები იქნებიან.

0.118852