საქართველოს 7-კაცამ 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა, რაც ქართული რაგბისთვის ისტორიული შედეგია.
როგორ მოვედით აქამდე
რაგბი ევროპის წინამორბედმა FIRA-AER-მა 7-კაცას პირველი ჩემპიონატი 2002 წელს ჩაატარა და საქართველომ პირველივე წელს ფინალში ითამაშა (14:24). 2011 წლამდე ჩემპიონატი განსხვავებული სისტემით ტარდებოდა. ევროპული გუნდები, სხვადასხვა ქვეყანაში შესარჩევ ტურნირებს თამაშობდნენ (თითო გუნდი მაქსიმუმ 2 ტურნირს), რის შემდეგაც საუკეთესოები ჩემპიონს არკვევდნენ.
2003 და 2008 წლებში, საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა, 2011 წლიდან კი რაგბი ევროპამ ფორმატი შეცვალა და ტურნირსაც გრან-პრის სერიები დაარქვა. გუნდები სიძლიერის მიხედვით დონეებად დაიყვნენ. ელიტურ დივიზიონში 12 გუნდი იყო და ისინი ზაფხულში 4, 3 ან 2 ეტაპს თამაშობდნენ. თითოეულ გუნდს ეტაპზე დაკავებული ადგილის მიხედვით ქულები ენიჭებოდა, მათი შეკრებით კი ჩემპიონი ვლინდებოდა.
ახალი ფორმატის პირობებში საქართველომ ერთი კონკრეტული ეტაპის თასის ნახევარფინალში ორჯერ მოახერხა გასვლა – 2011 და 2014 წლებში, მას შემდეგ კი მოწინავე ოთხეულში არასდროს მოხვედრილან.
2021 წლიდან რაგბი ევროპამ ტურნირის სახელი კვლავ შეცვალა და მას რაგბი ევროპის ჩემპიონატი ეწოდა, თუმცა პრინციპი უცვლელი დარჩა. 2021 წელს, პოსტ-პანდემიურ ჩემპიონატში მხოლოდ 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა და საქართველო მე-5 იყო, შარშან კი მონაწილეთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა და მე-7 პოზიციაზე გავედით.
დონეების გარეშე
მსოფლიო რაგბი 1993 წლიდან 7-კაცა რაგბში მსოფლიო თასს მართავს და ის 15-კაცას მსგავსად 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. მასში 24 გუნდი იღებს მონაწილეობას 2001-2013 წლებში საქართველომ 4-ჯერ ითამაშა 7-კაცას მსოფლიო თასზე, თუმცა მას შემდეგ 24 საუკეთესოს შორის ვერცერთხელ მოხვდა.
გარდა ამისა, 1999-2000 წლიდან, მსოფლიო რაგბი რეგულარულად მართავს მსოფლიო სერიებს და თავდაპირველად მასში საქართველოც რეგულარულად იღებდა მონაწილეობას, თუმცა მერე პოზიციები დათმო.
საგულისხმოა, რომ 7-კაცა რაგბი უფრო დემოკრატიული თამაშია, ვიდრე 15-კაცა, რადგან აქ გუნდები არ არიან დაყოფილი დონეებად და ყველას აქვს ელიტურ გუნდებთან რეგულარული თამაშის შესაძლებლობა. ექვსი ერის ქვეყნები, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში რეგულარულად თამაშობენ სხვა ევროპულ გუნდებთან და სერიის საგზურის მოპოვების შემთხვევაში, საქართველო მთელი წლის განმავლობაში ითამაშებს არა მხოლოდ ევროპულ, არამედ მსოფლიო გრანდებთან, როგორებიც არიან ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი (ინგლისი, უელსი, შოტლანდია), საფრანგეთი და ა.შ.
მას შემდეგ, რაც 7-კაცა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ნაწილი გახდა, მის მიმართ ყურადღება კიდევ უფრო გაიზარდა. 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, 7-კაცა მესამედ იქნება წარმოდგენილი. 25-27 ივნისს, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, ევროპული თამაშების ფარგლებში, ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი გაიმართება და პარიზის საგზურისთვის საქართველოც იბრძოლებს. წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპის შემდეგ, საქართველოს აქვს რეალური შანსი, რომ გახდეს პირველი გუნდი სათამაშო სახეობებიდან, რომელიც ოლიმპიადის მონაწილე გახდება!
„მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისა და ამ ისტორიული შედეგისთვის. ეს დიდი წარმატებაა. ახალმა სამწვრთნელო შტაბმა და მორაგბეებმა თვალნათლივ დაგვანახეს, რომ ქართულ 7-კაცას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ტურნირია. ჩვენ გვჯერა ჩვენი ბიჭების და გვწამს, რომ მათ შეუძლიათ ქართული სპორტის ისტორიის გადაწერა. 25-27 ივნისს, ევროპული თამაშების ფარგლებში, საქართველოს 7-კაცა გამარჯვებისთვის იბრძოლებს და ეცდება გახდეს პირველი ქართული გუნდი, რომელიც ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზურს მოიპოვებს!“ – ალგარვეში მეორე ადგილის დაკავების შემდეგ განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.
ფინალი ალგარვეში!
რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპს პორტუგალიამ, ალგარვემ უმასპინძლა. პირველ მატჩში, იტალიასთან 14:0 დაწინაურების შემდეგ, რამდენიმე მორაგბე დაშავდა, იძულებითმა ცვლილებებმა ჩვენი თამაში არია, რითაც მეტოქემ ისარგებლა და 17:14 გაიმარჯვა, მეორე შეხვედრაში კი გერმანიამ 26:7 იმძლავრა.
მეორე დღეს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში რუმინეთის 24:7 ძლევის შემდეგ, საქართველო თასის 1/4-ფინალში მერვე გუნდად გავიდა და ტურნირის ფავორიტს, ესპანეთს შეხვდა, რომელიც 2022 წლის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო სერიების მონაწილეა. მიუხედავად ამისა, საქართველომ მეტოქე პირწმინდად დაჯაბნა და 24:12 მოგებით თასის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
საქართველო მიღწეულზე არ გაჩერდა და დასკვნით დღეს თავი კიდევ უფრო კარგად წარმოაჩინა. ნახევარფინალში მისი მეტოქე საფრანგეთი იყო. ჩვენი გუნდი თამაშს მთელი პირველი ტაიმი აკონტროლებდა და ლაშა ლომიძის ბრწყინვალე თამაშისა და ოფლოუდის შემდეგ, ბექა გელხვიძემ ანგარიში გახსნა, სერგი ჩხაიძემ კი გარდასახა. ერთ წუთში გელხვიძემ დუბლი შეასრულა და ჩხაიძემ ამჯერად ურთულესი პოზიციიდან, კიდიდან გაიტანა არეკნი.
მეორე ტაიმის პირველმა ნახევარმაც საქართველოს კარნახით ჩაიარა, მაგრამ ეს ქულებში არ აისახა. საფრანგეთმა შეძლო ერთი გარდასახული ლელოს გაქვითვა, თუმცა ქართველებმა მეტოქეს მეტის გაკეთების შესაძლებლობა არ მისცეს და 14:7 მოგებით, პირველად მოიპოვეს ეტაპის ფინალის საგზური.
ფინალში ჩვენი მეტოქე ირლანდიის უძლიერესი ნაკრები იყო, რომელმაც 7-კაცა რაგბს მხოლოდ მას შემდეგ მიაქცია ყურადღება, რაც ის ოლიმპიური თამაშების ნაწილი გახდა, თუმცა უმოკლეს დროში უდიდეს წარმატებას მიაღწია. პირველმა ტაიმმა აქაც საქართველოს უპირატესობით ჩაიარა და გიორგი ჯობავას ლელოთი 5:0 დავწინაურდით.
გამოცდილმა მეტოქემ მეორე ტაიმის საწყის წუთებში იმძლავრა და 19 ქულა აიღო, რაზეც შეხვედრის მიწურულს გიორგი კურტანიძემ ლელოთი უპასუხა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ირლანდიამ 19:10 იმარჯვა.
მიუხედავად ამისა, ჩვენი 7-კაცასთვის ეს უდიდესი მიღწევაა. სერიას 20 ქულით ირლანდია ლიდერობს, საქართველო 18 ქულით მეორეა, მესამე და მეოთხე ადგილებს კი საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იკავებენ.
მე-5 ადგილისთვის პორტუგალიამ ესპანეთი 17:12 დაამარცხა, ხოლო მე-7 ადგილი გერმანიას ერგო, რომელმაც იტალიას 17:12 სძლია. მე-9-მე-12 ადგილები შესაბამისად ბელგიამ, ლიეტუვამ, რუმინეთმა და ჩეხეთმა დაიკავეს.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი ჰამბურგში, 7-9 ივლისს გაიმართება. უკვე იცით, რომ მანამდე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირი გველის, რომელშიც საქართველოს კონკურენტები ბელგიის, ჩეხეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლიეტუვას, პოლონეთის, პორტუგალიისა და რუმინეთის ნაკრებები იქნებიან.
ალგარვეში ორი მსაჯით
ალგარვეში ჩვენი 7-კაცას გარდა კიდევ ორმა ქართველმა მსაჯმა დაიცვა ქვეყნის ღირსება. შარშანდელის შემდეგ, 7-კაცას ტურნირზე კვლავ მიიწვიეს სულხან ჩიხლაძე. მას ფაქტობრივად ყველა რთული თამაშის მსაჯობა მოუწია და ფინალსაც იმსაჯებდა, მაგრამ მას შემდეგ რაც გადამწყვეტი მატჩის საგზური საქართველომ მოიპოვა, მხოლოდ მესამე ადგილისთვის მატჩს დასჯერდა, რომელშიც საფრანგეთმა დიდ ბრიტანეთს 21:14 სძლია.
7-ქალას ჩემპიონატში პირველად იმსაჯა ნინო ელოშვილმა, რომელსაც შარშან ალაფის ფინალის მსაჯობა ანდეს და წელს ევროპული 7-ქალას უმაღლეს დონეზე დააწინაურეს. ნინომ მე-5 ადგილის ფინალი იმსაჯა, რომელშიც ესპანეთმა ბელგიას 12:0 მოუგო.
7-კაცას შემადგენლობა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე (ალგარვე):
ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), ბექა გელხვიძე (ლელო), საბა კურტანიძე (ხვამლი), ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), სერგი ჩხაიძე (ყოჩები), სოსო მათიაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯობავა (ხვამლი), ალექსანდრე ტატიშვილი (ყოჩები), ირაკლი სიმსივე (აია), გაგა ქევხიშვილი (ლელო), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), გიორგი კურტანიძე (ლელო).
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე
RUGBY.GE