ერთწლიანი პაუზის შემდეგ „კალიარი“ სერია A-ში დაბრუნდა. სარდინიელებმა სერია B-ს პლეი-ოფის ფინალში „ბარი“ ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხეს.
პირველი შეხვედრა სარდინიაზე 1:1 დასრულდა, დღეს კი, „ბარის“ „სან ნიკოლაზე“ 60 000 გულშემატკივარი ამხნევებდა, თანაც ფრე ხელს აძლევდა, რასთანაც ძალიან ახლოს იყო: 94-ე წუთამდე ტაბლოზე ნულები ეწერა, მაგრამ მსაჯის მიერ მე-4 კომპენსირებულ წუთზე ლეონარდო პავოლეტიმ „კალიარი“ სერია A-ში დააბრუნა. აღსანიშნავია, რომ პავოლეტი თამაშში 89-ე წუთზე ჩაერთო.
ცნობისთვის, სარდინიულ გუნდს კლაუდიო რანიერი ავარჯიშებს. მან "კალიარი" მეორედ გადაიყვანა სერია A-ში, პირველად 33 წლის წინ, 1990 წელს! „ბარი“ კი ძალიან ახლოს იყო სერია A-ში პირველად დაბრუნებულიყო 2011 წლის შემდეგ, თანაც გასულ სეზონში ეს გუნდი სერია C-დან სერია B-ში გადავიდა, ახლა ზედიზედ მეორე აღზევებამდე წამები დააკლდა.
აქვე გეტყვით, რომ „ბარის“ მფლობელი „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისია. მას და მის ოჯახს „ბარის“ ელიტაში დასაბრუნებლად მომდევნო სეზონში მოუწევთ ბრძოლა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია