ფეხბურთი

10:26 | 11.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sport: "ნაპოლის" მწვრთნელობის კანდიდატებში პორტუგალიელი სპეციალისტი დაწინაურდა

„ნაპოლის“ არაერთი მწვრთნელი დაუკავშირეს, მაგრამ ბოლო საათებში ყველაზე მეტად პაულუ სოუზას კანდიდატურა გამოიკვეთა.

ჯანლუკა დი მარციო, რომელიც Sky Sport-ზე მუშაობს, იტყობინება, რომ აურელიო დე ლაურენტისს პორტუგალიელ სპეციალისტთან ფარული შეხვედრა ჰქონდა. სოუზა ამჟამად „სალერნიტანას“ ავარჯიშებს, რომელთანაც კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ მის გასათავისუფლებლად მხოლოდ 1 მილიონი ევროა საჭირო, რის გადახდაზეც, როგორც ჩანს, „ნაპოლის“ მეპატრონე თანახმაა.

აღსანიშნავია, რომ დე ლაურენტისს „სალერნიტანას“ მფლობელთან კარგი ურთიერთობა აქვს, რამაც მწვრთნელის გადაბირებაში შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

აქვე გეტყვით, რომ პაულუ სოუზა „სალერნიტანას“ მიმდინარე წლიდან ავარჯიშებს. მანამდე ის „ფლამენგოში“, პოლონეთის ნაკრებში, „ბორდოში“, „ტიანჯინში“, „ფიორენტინაში“, „ბაზელში“, თელ ავივის „მაკაბიში“, „ვიდეოეტონში“, „ლესტერში“, „სუონსისა“ და ქპრ-ში მუშაობდა.

საფეხბურთო კარიერაში სოუზამ „ბენფიკაში“, „სპორტინგში“, „იუვენტუსში“, „დორტმუნდში“, „ინტერში“, „პარმაში“, „პანათინაიკოსსა“ და „ესპანიოლში“ ითამაშა, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში 1991-2002 წლებში 51 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელობისას ორჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული, თანაც ზედიზედ და სხვადასხვა გუნდის მაისურით: 1996 წელს „იუვეში“, ხოლო 1997 წელს „იუვეს“ წინააღმდეგ „დორტმუნდში“.

0.119849