„ალ-იტიჰადმა“ კარიმ ბენზემა წარადგინა, რომელმაც იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც საუდის არაბეთში კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა. როგორც ფრანგმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ამ ქვეყანაში ცხოვრება ყოველთვის უნდოდა და მისი ოჯახი ძალიან ბედნიერია.
„საუდის არაბეთი ავირჩიე, რადგან მუსლიმი ვარ და ეს მუსლიმური ქვეყანაა. ყოველთვის მინდოდა აქ ცხოვრება. გადავწყვიტე „ალ-იტიჰადში“ მეთამაშა, რადგან ეს არის ერთ-ერთი პრესტიჟული არაბული კლუბი და ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. კლუბს ბევრი ტიტული აქვს ისტორიაში მოგებული.
ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერი იყო, როცა ვუთხარი, რომ აქ ვიცხოვრებდით. საუდის არაბეთი ჩვენთვის საუკეთესო ადგილია. მინდა თავისუფლად ვილაპარაკო არაბულ ენაზე, მექა აქ ძალიან ახლოსაა, რაც მნიშვნელოვანია ჩემნაირი ადამიანისთვის.
ეს ახალი თავია ჩემს კარიერაში და ვიმედოვნებ, რომ კლუბს დავეხმარები, რათა უფრო უკეთესი გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მწვერვალზეა. გულშემატკივრებს კლუბი ძალიან უყვართ და ისინი ყოველთვის გვეხმარებიან, რომ მოედანზე მაქსიმუმი გავაკეთოთ. ტიტულების მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ კლუბისა და გულშემატკივრებისთვის. ჩემი ამბიცია ძალიან მაღალია და მინდა აქ დიდ წარმატებას მივაღწიო, რადგან ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის, საუდის არაბეთისა და ჩემი კლუბისთვის.
ვამაყობ მადრიდის „რეალში“ მოგებული ტიტულებით და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ დასრულდა ჩემი თავგადასავალი. ახლა მსურს ფეხბურთში დაგროვილი გამოცდილება ახალ გუნდს მოვახმარო. რონალდუ? ის ჩემი მეგობარია და აქ არის, სასიამოვნოა მისი აქ ნახვა, საუდის არაბეთში. ეს წარმოადგენს ფეხბურთის ახალ ეპოქას ამ ქვეყანაში და პროგრესს, რომელსაც მიაღწია, თუნდაც საერთაშორისო დონეზე“, - თქვა ბენზემამ.
შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემამ „ალ-იტიჰადთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა და მის ხელფასი ამ დროის განმავლობაში 400 მილიონი ევრო იქნება. საუდის არაბეთის კლუბმა კიდევ ერთი ფრანგი ფეხბურთელი, ნგოლო კანტეც დაიმატა.