ფეხბურთი

16:51 | 8.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "მილანში" ისტორიას პატივს არ სცემენ და წარუმატებლობისთვის განწირულნი არიან"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

მან „მილანის“ ხელმძღვანელობა გააკრიტიკა პაოლო მალდინის სამსახურიდან დათხოვნის გამო. ასევე ილაპარაკა ვალენსიაში ვინისიუსის შეურაცხყოფასა და გადატვირთულ გრაფიკზე, რომელიც ფეხბურთში არსებობს.

„მადრიდში ვისწავლე, რომ ისტორიას ყოველთვის პატივი უნდა სცენ, აქ, დი სტეფანო, ამანსიო, ჰენტო, პუშკაში კვლავ ექსკლუზიური ღირებულებებია, რომელთა მიმართაც პატივისცემა გვაქვს. ისტორიის უმაღლეს დონეზე შესანარჩუნებლად წარსული არ უნდა დაივიწყო და უნდა დაიცვა. ის, რაც მალდინისთან მოხდა, აჩვენებს ისტორიული კულტურისა და მილანისტობის ტრადიციის პატივისცემის ნაკლებობას. ისტორია ასწავლის, როგორ უნდა გაიმარჯვო.

საფეხბურთო კლუბები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბიზნესი სპორტულ სულისკვეთებაზე მაღლა უნდა დააყენონ, წარუმატებლობისთვის განწირულნი არიან. ჩემი მომავალი ბრაზილიის ნაკრებში? მადრიდში კარგად ვარ, ფლორენტინო პერესთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, აქ ცხოვრება ჯადოსნურია.

ვინისიუსის შეურაცხყოფა? არ შემიძლია მივიღო, რომ სტადიონი ყველაზე მტრული გარემო გახდა. ვერ მივიღებ სიძულვილის კლიმატს კანის ფერის, რელიგიის, ფეხბურთის ან მწვრთნელის ეროვნების მიმართ. ინგლისში ოთხი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და არ მახსენდება პიროვნული შეურაცხყოფა. იყო სტვენა და გუნდების შეურაცხყოფა, მაგრამ პირადად არა. სიძულვილთან ბრძოლაა საჭირო, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია.

ჩემმა ფეხბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონატისა და ყველა საკლუბო ტურნირის ჩათვლით სეზონი 73 მატჩით დაასრულეს. 30 დეკემბრიდან 12 მარტამდე ერთ კვირას თუ არ ჩავთვლით, შესვენების გარეშე ვითამაშეთ და ასე გაგრძელება შეუძლებელია. უეფა ახალ ჩემპიონთა ლიგას იწყებს მეტი გუნდით, ფიფა ახალ საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატს მეტი გუნდით, შიდა ჩემპიონატები სუპერთასზეც კი გუნდების რაოდენობას ზრდიან. ეს ნიშნავს, რომ მათ ფეხბურთელების ჯანმრთელობა არ აინტერესებთ და ამას მათთვის მნიშვნელობა აღარ აქვს“, - თქვა ანჩელოტიმ.

0.125992