ვეტერანი და ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი რიკარდო სა პინტო ნიქოზიის „აპოელის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, რომლის რიგებში გიორგი ქვილითაია, ლაშა დვალი და მურთაზ დაუშვილი თამაშობენ.
სა პინტომ კვიპროსულ გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ფინანსური დეტალები კი უცნობია. ის ბოლოს ირანში, „ესტეგლალის“ თავკაცი იყო. მანამდე სხვადასხვა დროს „სპორტინგში“, „ცრვენა ზვეზდაში“, „სტანდარდში“, „ლეგიაში“, „ბრაგაში“, „ვასკო და გამასა“ და „გაზიანთეფში“.
საფეხბურთო კარიერაში ის „სპორტინგის“, „სოსიედადისა“ და „სტანდარდის“ წევრი იყო, ხოლო 1994-2001 წლებში პორტუგალიის ნაკრებში 45 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
„აპოელი“ კვიპროსის ჩემპიონატს გასულ სეზონში დიდი ხანი ლიდერობდა, მაგრამ ბოლო ტურებში ქულები დაკარგა და საბოლოოდ მეორე ადგილზე გავიდა, შესაბამისად, მომდევნო სეზონში კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.