თამაშგარე

12:26 | 6.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯიანინა, სერხიო და სერიალები

ერთხელ, აწ უკვე ვეტერან არგენტინელ ფეხბურთელს და დიეგო მარადონას ყოფილ სიძეს, სერხიო აგუეროს ჰკითხეს, რატომ დაშორდი დიეგოს ქალიშვილ ჯიანინას, თქვენ ხომ ერთმანეთი ასე ძალიან გიყვარდათო. სერხიომაც არ დაახანა და თავპატიჟდაუდებლად უპასუხა, რომ არაა ადვილი ყოველ დილას იღვიძებდე ადამიანის გვერდით, რომელიც დიეგო მარადონას ჰგავს.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა სერხიოს და ჯიანინას დაშორებიდან და მათი საერთო შვილი, დიეგო-ლეო აგუეროც წამოიზარდა, არგენტინის ბულვარულ პრესაში მაინც არ წყდება ათასგვარი ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ ადრე თუ გვიან, სერხიო აგუერო მარადონას ქალიშვილს შეურიგდება და ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ლათინოამერიკულ სერიალებშია.

მოძალებულ ჭორებზე კი სერხიო ამბობს, რომ რაც კი მასზე და ჯიანინაზე ვრცელდება, უკლებლივ ყველაფერი დიდი ტყუილია და თავისუფალი ცხოვრება ყველაფერს ურჩევნია.

ვეტერანი შემტევი ღმერთს მადლობას სწირავს, რომ სერიალები სერიალებად რჩება და ცხოვრება კი თავისი გზით მიდის...

0.124422