ჩოგბურთი

23:47 | 5.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა ოპერაცია გაიკეთა და ამ სეზონში ალბათ ვეღარ ითამაშებს

როგორც ჩანს, რაფაელ ნადალი ამ სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს. ესპანელმა ჩოგბურთელმა, ბევრი მკურნალობის შემდეგ, ტრავმირებულ თეძოს კუნთზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც, სულ ცოტა, ხუთი თვე თამაშს ვერ შეძლებს.

საფრანგეთის ღია პირველობის 14-გზის ჩემპიონს, ვისაც დიდი სლემის 22 ტიტული აქვს მოპოვებული, იანვრის შემდეგ არ უთამაშია. მაშინ, აღნიშნული ტრავმის გამო, ის ავსტრალიის ღია პირველობას, მეორე წრეში გამოეთიშა.

ნადალის წარმომადგენელმა ბენიტო პერეს-ბარბადილომ გამოაცხადა, რომ ჩოგბურთელი ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო კურსს მალე დაიწყებს. მისივე თქმით, გაჯანსაღებას დაახლოებით ხუთი თვე დასჭირდება.

ნადალი 37 წლისა შაბათს შესრულდა და თავის იუბილეს ჰოსპიტალში შეხვდა. მას ნათქვამი აქვს, რომ დიდი ალბათობით, მომავალი წელი მისთვის ბოლო იქნება პროფესიონალურ სპორტში.

მისმა ექიმმა ანხელ რუის-კოტორომ როიტერსს განუცხადა, რომ რაფა იმაზე ადრე დაბრუნებას შეძლებს, ვიდრე მოსალოდნელია, თუმცა ისიც აღიარა, რომ ბევრი რამ, გაჯანსაღების პროცესის მიმდინარეობაზე იქნება დამოკიდებული. მის მდგომარეობაზე პირველი პასუხის გაცემა, დაახლოებით ექვსი კვირის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

საინტერესოა, რომ ტრავმის მიღების შემდეგ, პირველადი შეფასებით, ნადალის დაბრუნება რვა კვირაში იყო მოსალოდნელი. თუმცა შემდეგ ტრავმა გართულდა და ჩოგბურთელი ოპერაციამდე მიიყვანა.

უთამაშებლობის გამო, მარტში ნადალი რეიტინგის ათეულის მიღმა დარჩა, რაც 2005 წლის შემდეგ, პირველად მოხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122097