ავტოსპორტი

21:10 | 5.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნოივილმა ამ სეზონში პირველი გამარჯვება სარდინიაში მოიპოვა

„ჰიუნდაის“ ბელგიელმა მრბოლმა ტიერი ნოივილმა, ამ სეზონში პირველი გამარჯვება სარდინიის/იტალიის რალიზე მოიპოვა. ამ მოგებით, მან მსოფლიო ჩემპიონატში მეხუთედან, მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

რბოლის ბოლო დღის ოთხი სპეცმონაკვეთის დასრულების შემდეგ, ნოივილმა 33 წამით ჩამოიტოვა ფინელი თანაგუნდელი ესაპეკა ლაპპი. მესამე ადგილი კი ჩემპიონატის ლიდერმა, ფინელმა კალე როვანპერამ დაიკავა, ვინც „ტოიოტას“ მანქანით ასპარეზობს.

„ჩვენ აქ იმის რწმენით ჩამოვედით, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლა შეგვეძლო, მაგრამ პირველი დღე რთული იყო და ბევრი დრო დავკარგეთ. ეს გუნდისთვის ამ სეზონში პირველი გამარჯვებაა და თანაც, დუბლი შევასრულეთ. დაკიდევ, ეს პირველი მოგებაა გუნდის ახალი შეფისთვის (სირილ აბიტბული, რენოს ფ1-ის გუნდის ყოფილი შეფი). რა თქმა უნდა, ყოველთვის ვფიქრობთ კრეიგზე (ბრინი, რომელიც ამ სეზონში, ხორვატიის რალის წინ, ვარჯიშისას დაიღუპა). ჩვენ მის სახელზე გამარჯვება ხორვატიაში გვინდოდა, მაგრამ ეს ახლა შევძელით“, - განაცხადა ნოივილმა, ვისთვისაც ეს რალის მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული მე-18 გამარჯვებაა.

ჩემპიონატის 13-დან ექვსი ეტაპია გამართული და ლიდერი როვანპერა ნოივილს 25 ქულას უგებს. შემდეგი ეტაპი, საფარის რალი კენიაში, 22-25 ივნისს გაიმართება.

0.118924