ავტოსპორტი

0:27 | 5.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა ესპანეთის დიდი პრიზი მოიგო

მაქს ფერსტაპენმა ესპანეთის დიდი პრიზის რბოლა, პოულ პოზიციიდან მოიგო და ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატში, ლიდერის პოზიცია გაიმყარა. შვიდი ეტაპის შემდეგ, ის უახლოეს მდევარს, თანაგუნდელ სერხიო პერესს, ვინც ბარსელონას რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა, უკვე 53 ქულას უგებს. მათ „რედ ბულს“ კი ამ სეზონის ყველა რბოლა მოგებული აქვს.

კვარცხლბეკის ორივე ქვედა საფეხური „მერსედესის“ პილოტებმა, ლუის ჰამილტონმა და ჯორჯ რასელმა დაიკავეს. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი გამარჯვებულს 24.090 წამით ჩამორჩა, თუმცა მაინც კმაყოფლი დარჩა, რისი მიზეზიც, მანქანის პროგრესმა მისცა.

პერესმა რბოლა მე-11 პოზიციიდან დაიწყო და მეოთხე ადგილი მისთვის მაქსიმუმი აღმოჩნდა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონისთვის, ეს ამ სეზონში მოპოვებული მეხუთე, ზედიზედ კი მესამე გამარჯვებაა. ამასთან ესპანეთში, სადაც თავისი პირველი გამარჯვება (2016 წელს) აქვს მოპოვებული, მესამედ მოიგო. ჰოლანდლს ფ1-ში უკვე 40 გამარჯვება დაუგროვდა.

„ასეთი ავტომობილით ასპარეზობა დიდი სიამოვნებაა. დღეს მის შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. რბოლა ჰარდ საბურავებით დავიწყე და ვიცოდი, რომ სტარტზე შეიძლება გამჭირვებოდა. პირველ მოსახვევში გარედან შესვლა ყოველთვის რთულია, მაგრამ იღბლად, ცუდი არაფერი მოხდა“, - განაცხადა ფერსტაპენმა, ვისაც სტარტზე საკმაოდ რთული პაექრობა გაუმართა კარლოს საინსმა.

ორგზის ჩემპიონს, ტრასის ლიმიტის დარღვევისთვის, რბოლის მიწურულს შავ-თეთრი ალამი უჩვენეს და დარღვევის გამეორების შემთხვევაში, ხუთწამიანი ჯარიმა არ ასცდებოდა. თუმცა მის ლიდერობას საფრთხეს ვერც ეს შეუქმნიდა.

ბარსელონაში რბოლის შემდეგ, კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მეორე ადგილზე გადავიდა „მერსედესი“, რომელსაც 152 ქულა აქვს. ლიდერია „რედ ბული“, რომელსაც 287 ქულა აქვს, მესამეზე კი 134 ქულით „ასტონ მარტინია“.

ესპანეთის დიდი პრიზი

ბარსელონა, დისტანცია 307.362 კმ (4.657კმ, 66 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:27:57.940
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) +24.090
  3. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) +32.389
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) +35.812
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) +45.698
  6. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) +63.320
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ასტონ მარტინი) +64.127
  8. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) +69.242
  9. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) +71.878
  10. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალპინი) +73.530
  11. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) +74.419
  12. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) +75.416
  13. ოსკარ პიასტრი (ავსტრალია, მაკლარენი) +1 წრე
  14. ნიკ დე ფრისი (ჰოლანდია, ალფატაური) +1 წრე
  15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ჰაასი) +1 წრე
  16. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) +1 წრე
  17. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +1 წრე
  18. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) +1 წრე
  19. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) +1 წრე
  20. ლოგან სარჯენტი (აშშ, უილიამსი) +1 წრე

უსწრაფესი წრე: მაქს ფერსტაპენი - 1:16.330 (61-ე წრე, 219.641 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 170 ქულა; 2. სერხიო პერესი - 117; 3. ფერნანდო ალონსო - 99; 4. ლუის ჰამილტონი - 87; 5. ჯორჯ რასელი - 65; 6. კარლოს საინსი - 58; 7. შარლ ლეკლერი - 42; 8. ლანს სტროლი - 35; 9. ესტებან ოკონი - 25; 10. პიერ გასლი - 15; 11. ლანდო ნორისი - 12; 12. ნიკო ჰულკენბერგი - 6; 13. ოსკარ პიასტრი - 5; 14-15. ვალტერი ბოტასი და გუანიუ ჟოუ - 4; 16-17. იუკი ცუნოდა და კევინ მაგნუსენი - 2; 18. ალექს ელბონი - 1.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. რედ ბული - 287 ქულა; 2. მერსედესი - 152; 3. ასტონ მარტინი - 134; 4. ფერარი - 100; 5. ალპინი - 40; 6. მაკლარენი - 17; 7-8. ჰაასი და ალფა რომეო - 8;9. ალფატაური - 2; 10. უილიამსი - 1.

0.513935