3 ივნისს, ალბათ ბოოჯერ ვნახეთ ამ ფორმაციის „პარი სენ-ჟერმენი.“ „კლერმონთან“ შეხვედრა ბოლო გახლდათ პარიზულ კლუბში სერხიო რამოსისთვის, ლიონელ მესისთვის და მათი დამრიგებლითვის, კრისტოფ გალტიესთვის.
პსჟ-ში ახალი ეპოქა იწყება. კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებით აქცენტს ახალგაზდა პერსპექტიულ ფრანგ ფეხბურთელებზე და ისეთ მოთამაშეებზე აიღებენ, რომლებიც პარიზულ სულს მოერგებიან.
ბოლო ტურში პსჟ-მა „კლერმონთან“ 2:3 წააგო, თუმცა იგებდა. პარიზელები უკვე ჩემპიონები იყვნენ და მოტივაციაც ნაკლებად ჰქონდათ.
ლეო ცდილობდა გამოსათხოვარ მატჩში თავის გამოჩენას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ორჯერ სახიფათოდ დაარტყა საჯარიმო, ერთხელ სტუმართა მეკარე მორი დიავმა ურთულესი ბურთი აუღო, ერთხელაც მეკარეთან პირისპირ გასულმა ბურთი ჰაერში გააფრინა.
თამაშის დაწყების წინ პარიზელმა გულშემატკივრებმა ლეოს დაუსტვინეს, მისი გვარის გამოცხადებისას კი კინაღამ დაინგრა სტვენით „პარკ დე პრენსი.“ მათ მიაჩნიათ, რომ არგენტინელი მთელი გულით არ თამაშობდა სეზონის განმავლობაში. ჯამში მან მიმდინარე სეზონში 16 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.
„კლერმონთან“ მატჩი ბოლო გახლდათ სერხიო რამოსისთვისაც, რომელმაც შესანიშნავი თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. პენალტი გაიტანა კილიან მბაპემ და 29 გოლით ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ 85 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გაუსწრო „ლანსს.“ მესამე ადგილზე კი 73-ქულიანი „მარსელი“ გავიდა. პსჟ და „ლანსი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ, „მარსელს“ კი ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოუწევს ჩართვა.
ლიგა 1 „ოსერმა,“ „აიაჩომ,“ „ტრუამ“ და „ანჟემ“ დატოვეს.
სხვათა შორის, პარიზელებს ახალი ფორმა ეცვათ. ასეთი საშინაო ფორმით ითამაშებენ ისინი მომავალ სეზონში.