ფეხბურთი

10:28 | 3.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რამოსი ტოვებს პსჟ-ს

პსჟ-მ განაცხადა, რომ სერხიო რამოსი კლუბს ტოვებს. სეზონის დასრულების შემდეგ მხარეები კონტრაქტს აღარ გააგრძელებენ.

შეთანხმება, რომელსაც რამოსმა „რეალიდან“ წასვლის შემდეგ, 2021 წელს მოაწერა ხელი, ორ სეზონზე იყო გათვლილი. მიმდინარე წელს რეგულარულად ვრცელდებოდა ხმები, რომ ესპანელი მცველი ფრანგულ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მაგრამ მხარეები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.

იმასაც ამბობდნენ, რომ რამოსს შეთავაზება საუდის არაბეთიდანაც აქვსო.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ პსჟ ზაფხულში მილან შკრინარს გაიფორმებს და ამდენი მაღალი დონის ცენტრალური მცველის ყოლის შემთხვევაში, შესაძლოა რამოსს ძირითადში ადგილი არც ჰქონოდა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში პსჟ-ს მაისურის ტარება შესანიშნავი გამოცდილება იყო. წარმოუდგენელი თავგადასავალი მქონდა პარიზში და მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის“, - ციტირებს ესპანელის სიტყვებს პსჟ-ს საიტი.

ორი სეზონის განმავლობაში, 37 წლის რამოსმა პსჟ-ს რიგებში 57 მატჩი გამართა, 5 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.

0.116354