„მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, მიმდინარე სეზონში „ქალაქელების“ მიერ შესაძლო თრებლის (სამი ტურნირის მოგება: ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა და ინგლისის თასი) შესრულებაზე ისაუბრა.
„ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მიყიდეს. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ამ ტურნირზე გამარჯვება ყველა ჩვენგანისთვის ბევრს ნიშნავს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ „სიტიმ“ თრებლი შეასრულოს. ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, მიუხედავად იმისა, რომ ადვილი არ იქნება.
ველით ორ ფინალს ორ საუკეთესო გუნდთან, რომლებსაც ჩვენი შეჩერება სურთ. ისინი მოტივირებულნი და მომზადებულნი იქნებიან. ჩვენ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვამჟღავნოთ. ამ შემთხვევაში წარმატების კარგი შანსი გვექნება.“ - ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს BBC Sport.
ამ სეზონში ნორვეგიელმა შემტევმა „სიტის“ მაისურით ყველა ტურნირზე 51 მატჩი ჩაატარა, 52 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ შაბათს, 3 ივნისს, „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის თასის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდება. ხოლო მომავალ შაბათს, 10 ივნისს, „ქალაქელები“ ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში იტალიურ „ინტერს“ დაუპირისპირდებიან.. მანამდე ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა ინგლისის პრემიერლიგა მოიგეს.