„ნაპოლი“ ახალ მწვრთნელს ეძებს და ამჯერად, ფაბიო კანავაროს ვარიანტმაც გაიჟღერა. იტალიური მედიის ცნობით, ლუჩანო სპალეტიმ აურელიო დე ლაურენტისს მის შემცვლელად კანავარო ურჩია.
Il Mattino-ს ცნობით, სპალეტი მიიჩნევს, რომ მისი პროექტის კარგად გაგრძელება კანავაროს შეუძლია, რომელიც ბოლოს „ბენევენტოს“ მწვრთნელი იყო, მანამდე კი ჩინეთსა და გაერთიანებულ საამიროებში მუშაობდა.
წყაროს თანახმად, დე ლაურენტისს და მის ოჯახს კანავაროსთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე მხარეებს შორის არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ნეაპოლელია და საფეხბურთო კარიერაც ამ კლუბში დაიწყო, მაგრამ მისი სამწვრთნელო კარიერა ჯერჯერობით, წარმატებით არ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის მემკვიდრეთა შორის არაერთი სპეციალისტი დაასახელეს, ყველაზე აქტიურად კი ვინჩენცო იტალიანოს შესახებ წერენ, რომელიც ფლორენციის „ფიორენტინაში“ მუშაობს.