რაგბი

12:10 | 2.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლადო კილასონია: „ბედნიერებაა, როდესაც ასეთი დიდი ამბის ნაწილი ხარ“

„ბედნიერებაა, როდესაც ასეთი დიდი ამბის ნაწილი ხარ. ასეთი რამ იშვიათად ხდება. არაფერია იმაზე მაგარი, როდესაც ადამიანთა ჯგუფი ერთ მიზანს დაისახავს, დაიხარჯება და ეს მიზანი შესრულდება. ბედნიერი ვარ არა მხოლოდ ამ ისტორიული გამარჯვებით, არამედ ჩვენი ბიჭების გაბედული, თამამი თამაშით“ – განაცხადა უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ.

უმცროსი ბორჯღალოსნები 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან. მზადების ფარგლებში, საქართველოს ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ეწვია 27 მაისს, პირველ მატჩში, მეტოქემ შეძლო 9-ქულიანი ჩამორჩენის დასკვნით წუთებში აღმოფხვრა და 41:36 გამარჯვება.

მეორე შეხვედრა უფრო სანახაობრივი გამოდგა. სტუმრებმა პირველზე ხარისხიანი თამაში აჩვენეს, თუმცა ბევრად უკეთესი იყო ჩვენი გუნდი და რევანში შედგა – 40:38.

„პირველი თამაშის შემდეგ ძალიან ბევრ კომპონენტში უკეთ გამოვიყურებოდით. ღია თამაშში, დაცვისას, ბევრად უკეთ ვიშლებოდით და ავდიოდით, უკეთესი იყო დისციპლინა რაქებში თამაშისას და შეტევა. ვთვლი, რომ კონტრშეტევებისას ორივე მატჩში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. ამაყი ვარ ჩვენი ბიჭებით. ისინი ძალიან რთული გამოწვევის წინაშე მაგრად დადგნენ“ – აღნიშნა კილასონიამ.

ახლა უმცროსი ბორჯღალოსნები რამდენიმე დღე დაისვენებენ, 5 ივნისს შეკრებაზე შევლენ, 9 ივნისის შემდეგ კი სამხრეთ აფრიკაში წამსვლელთა ვინაობა გაირკვევა:

„არჩევანის გაკეთება რთული იქნება. ამ სამ თამაშში (ერთი საფრანგეთთან, ორი ინგლისთან), გუნდის შეთამაშებასთან ერთად ერთ-ერთი მიზანი მორაგბეებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღება იყო. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ის ბიჭებიც კი, ვინც სამხრეთ აფრიკაში ვერ წავლენ, ახლა ბევრად უფრო წინ არიან. გარდა ამისა, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მოკლე პერიოდში გვიწევს 5 შეხვედრის ჩატარება, რაც ტრავმის ალბათობას ზრდის და რეზერვში გამოცდილი, მაღალი დონის მორაგბეები გვეყოლება, რაც დიდი ფუფუნებაა“.

RUGBY.GE

0.115463