„სევილიამ“ ევროპა ლიგა (უეფას თასი) ისტორიაში მეშვიდედ მოიგო. ამჯერად ანდალუსიელებმა ტურნირის ფინალში, ბუდაპეშტში იტალიური „რომა“ დაამარცხეს.
პირველ ტაიმში ფეხბურთი არ გვინახავს. იყო ორთაბრძოლები, პოზიციური შტევების მცდელობა, მაგრამ, ფაქტობრივად, პირველივე რეალური მომენტი გოლად იქცა. ჯანლუკა მანჩინიმ ლოიკ ბადესა და ხესუს ნავასს შორის, შესანიშნავი პასი მისცა დიბალას, პაულო საჯარიმოში შეიჭრა და მარჯვენა კუთხეში შეაგდო.
გამხსნელი გოლი მსოფლიო ჩემპიონმა გაიტანა, არადა მისი მატჩში მონაწილეობა სათუო იყო. დიბალა მეხუთე არგენტინელი გახდა, ვისაც ევროპა ლიგის (უეფას თასის) ფინალში თავი გამოუჩენია.
„სევილიას“ ტაიმის მე-6 დამატებულ წუთზე ჰქონდა გათანაბრების შანსი, მაგრამ რაკიტჩის უძლიერესად დარტმული ბურთი ძელს მოხვდა.
მეორე ნახევარი უფრო სანახაობრივი გამოდგა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „სევილიამ“ ანგარიში გაათანაბრა. 55-ე წუთზე მაროკოელ კიუსეფ ენ-ნასირისთან საჯარიმოში ბრძოლაში მანჩინიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.
ძირითადი დროის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე, ინგლისემა არბიტრმა, ენტონი ტეილორმა რომაელთა კარში საჯარიმოში ოკამპოსის წაქცევისთვის კინაღამ პენალტი დანიშნა და მათი დამრიგებელი, ჟოზე მოურინიუ აღაშფოთა, თუმცა ვარ-ზე გადამოწმების შემდეგ, გადაწყვეტილება გააუქმა.
დამატებით დროს გამარჯვებული არ გამოუვლენია - 1:1. მატჩის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც „სევილიამ“ 4:1 გაიმარჯვა.
ჟოზე მოურინიუმ კი პირველად წააგო ევროთასის ფინალში, ხუთი გამარჯვების შემდეგ.
ევროპა ლიგა. ფინალი
31 მაისი. ბუდაპეშტი. „პუშკაშ არენა“
სევილია - რომა 1:1 (4:1 პენ)
0:1 დიბალა (35), 1:1 მანჩინი (55 საკ. კარში)
პენალტები: 1:0 ოკამპოსი, 1:1 კრისტანტე, 2:1 ლამელა, 2:1 მანჩინი (მეკარე), 3:1 რაკიტიჩი, 3:1 იბანიესი (ძელი), 3:1 მონტიელი (მეკარე), 4:1 მონტიელი (განმეორებით დაარტყმევინეს ვარ-ის გადაწყვეტილებით)
სევილია: ბუნუ, ტელესი (რეკიკი 95), გუდელი (მარკაო 120+8), ბადე, ნავასი (მონტიელი 95), რაკიტიჩი, ფერნანდო (ხორდანი 120+9), ხილი (ლამელა 46), ოლივერ ტორესი (სუსო 46), ოკამპოსი, ენ-ნესირი
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
რომა: რუი პატრისიუ, სმოლინგი, მანჩინი, იბანიესი, სპინაცოლა (ლორენტე 105), მატიჩი (ბოვი 120), კრისტანტე, ჩელიკი (ჟალევსკი 90), დიბალა (ვეინალდუმი 68), პელეგრინი (ელ შაარავი 105), აბრაჰამი (ბელოტი 75)
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ
მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)
გაფრთხილება: მირი (37 მოედნის გარეთ), რაკიტიჩი (65), ლამელა (109), ხორდანი (120 მოედნის გარეთ), მონტიელიუ (120+4), ოკამპოსი (120+10), ; მატიჩი (22), პელეგრინი (45), მანჩინი (48), კრისტანტე (65), ჩელიკი (74), ჟალევსკი (105), კარსდორპი (120+10 მოედნის გარეთ)
ბურთის ფლობა: 64%-36%, თამაშგარე: 1-1, კუთხური: 6-4, კარში დარტყმა: 3(8)-3(4), ჯარიმა: 20-22