რაგბი

15:51 | 31.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ამაშუკელი: “როდესაც გავიგე, რომ მსოფლიო თასზე ვიმსაჯებდი, შოკში ჩავვარდი“

ისტორიაში პირველად, რაგბის მსოფლიო თასზე ქართველი ნიკა ამაშუკელი იმსაჯებს. ამასთან დაკავშირებით, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ვებ-გვერდმა ქართველ მსაჯთან ინტერვიუ ჩაწერა:



„24 წლის ვიყავი, როდესაც ელიტაში საქართველოს სარაგბო ჩემპიონატიდან მოვხვდი, ამიტომ ჩემთვის ეს ყველაფერი ახალი იყო. ტოპ 14-დან, პრემიერშიპიდან, სუპერ რაგბიდან მოსულ მსაჯებს მეტად ჰქონდათ უპირატესობა. ისინი მაღალი ხარისხის გარემოში კვირაში ერთხელ მუშაობენ და მათ კარგად იციან ის, თუ როგორ გამოიყურება ელიტური თამაში მოედანზე და მის მიღმა. ამიტომაც, 20-წლამდელთა ჩემპიონატი და 20-წლამდელთა მსოფლიო თასი გადამწყვეტია განვითარებადი დონის ქვეყნებიდან მსაჯების განვითარებისთვის.

როდესაც ხაზს ვუსვამ იმას, თუ რა მომცეს 20-წლამდელებმა, ყურადღებას მხოლოდ უნარებზე არ ვამახვილებ. აღმოვაჩინე ის, თუ რამდენად მოწესრიგებულები არიან მსოფლიო რაგბის ელიტური მსაჯები და რამდენად შრომობენ ისინი სიმშვიდეზე, მათ მანერებზე. ის ოთხი კვირაა, საკმაოდ რთული, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო. მეორე ტურის შემდეგ, მახსოვს, საკუთარ თავს ვკითხე: "მზად იმუშაო ამდენ დეტალებზე და ნიუანსებზე?" რადგან უკვე ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი საჭირო იყო საუკეთესო მსაჯობისთვის ელიტაში.

„ექვსი ერის მატჩებზე მუშაობა დიდი პატივი იყო ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის. იქ, სანაკრებო მატჩებზე და ჩემპიონთა თასზე მსაჯობის შემდეგ, მთავარი კითხვა ის იყო, მსოფლიო თასზე ასისტენტად წამიყვანდნენ, თუ მთავარ მსაჯად. როდესაც გავიგე, რომ მთავარი მსაჯი ვიქნებოდი, შოკში ჩავვარდი. მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა მენეჯერმა დამირეკა და თავიდან მეხუმრა, რომ არჩევანში დარწმუნებულები არ იყვნენ, თუმცა როდესაც გადაწყვეტილება გამანდო, თვალებზე ცრემლები მომადგა.

სატელეფონო ზარს 3-4 დღე ვუცდიდი. ტელეფონს 24 საათის განმავლობაში ვუყურებდი. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გრძელი დღეები იყო. ვიცოდით, რომ ისინი დუბაიში 4 მაისს იკრიბებოდნენ მსაჯების ასარჩევად, მე კი 7 მაისს დამირეკეს. დილის 11 საათი იყო, როდესაც ზარი შემომივიდა მაგრამ ცოლს ვუთხარი, რომ ბოთლი ღვინო უნდა გაგვეხსნა. ვფიქრობ, ზეიმი შუაღამემდე გაგრძელდა. ვერ აღვწერ იმას, თუ რას ნიშნავს ეს ჩემთვის, უბრალოდ ყველაფერია.

თავდაპირველად, მოთამაშედ მინდოდა წასვლა. ვხუმრობდი, რომ თუ საჭირო იყო წყლის მომტანადაც კი წავიდოდი, ოღონდ მსოფლიო თასზე წავსულიყავი. 2015 წლის მსოფლიო თასი საქართველოსთვის ყველაზე წარმატებული იყო, თუმცა ჩემთვის გამორჩეული 2011-ის ტურნირი იყო, რადგან მაშინ 17-წლამდელებში ვთამაშობდი და თამაშებს ერთად ვუყურებდით. ახლაც კი, როდესაც ინტერნეტში მიმოხილვას ვუყურებ, ტანში ჟრუანტელი, ხელებზე კი ეკლები მაყრის. ძალიან მინდოდა მსოფლიო თასზე წასვლა და ეს მართლა მოხდა.

პირველ თამაშს, რომელსაც ვუყურე, უეინ ბარნსი მსაჯობდა. 13 წლის შემდეგ, ჩვენ ერთად ვიმსაჯეთ შემოდგომის სერიებზე და ამჯერად, მსოფლიო ჩემპიონატზე ვიქნებით ერთად. ეს გასაოცარია.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო თასზე C ჯგუფში, უელსის, ავსტრალიის, ფიჯის და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს. ასევე ტურნირზე იმსაჯებს ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118849