ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლიდან“ წასვლა გადაწყვიტა. როგორც მან თქვა, დაიღალა და ამიტომ კლუბს ტოვებს. ტოსკანელმა სპეციალისტმა დააანონსა, რომ არც სხვა გუნდში იმუშავებს და ერთი წლით პაუზას აიღებს.
Area Napoli კი წერს, რომ სპალეტის გადაწყვეტილებაში დიდი გავლენა იქონია აურელიო დე ლაურენტისის ფრაზამ, რომელიც მან სკუდეტოს მოგების შემდეგ გააჟღერა: „მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიბრძოლებთ“.
როგორც ჩანს, სპალეტის არ მოეწონა პრეზიდენტის ასეთი ამბიციური განცხადება და ჩათვალა, რომ წარუმატებლობა მთლიანად მას დაბრალდებოდა. ამასთან, სავარაუდოდ, ლუჩანო ფიქრობს, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად კონკურენტუნარიანი არ არის, დე ლაურენტისმა კი გუნდზე ზეწოლა გაზარდა. ამიტომ, სიტუაციიდან გაცლა ამჯობინა.
„ასე საუბარი ადვილია. პრეზიდენტი მსგავს რამეს ამბობს, შემდეგ ფეხზე დგება და მიდის“, - ამგვარად უპასუხა სპალეტიმ იტალიის ჩემპიონობის შემდეგ დე ლაურენტისის ზემოხსენებულ განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ 2021 წლიდან ავარჯიშებდა და კლუბს 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა.