რაგბი

14:49 | 30.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევის ჩესამი: „ასეთ მოედნებზე იშვიათად გვიწევს თამაში“

ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ლევის ჩესამი საქართველოში არსებული სავარჯიშო და სათამაშო პირობებით კმაყოფილია.

მას და კიდევ რამდენიმე მორაგბეს, 27 მაისს „ავჭალაზე“ გამართულ პირველ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ და ახლა მოუთმენლად ელიან მეორე თამაშს, რომელიც ასევე „ავჭალაზე“, 1 ივნისს 16 საათზე დაიწყება. პირველი ჯახი სტუმრებმა დასკვნით 5 წუთში გატანილი ორი გარდასახული ლელოთი 41:36 მოიგეს.

ჩესამი დარწმუნებულია, რომ ინგლისს საქართველოსთან მეორედაც დაძაბული მატჩი ექნება:

„შესანიშნავ გარემოში ვემზადებით მეორე თამაშისთვის. აქ ყველაფერი მაღალი სტანდარტისაა – სავარჯიშო მოედანიც და სათამაშოც. პირველი თამაშის შემდეგ ჩვენმა რამდენიმე მორაგბემ აღნიშნა კიდეც, რომ ასეთ მოედანზე იშვიათად გვიწევს თამაში. თქვენთან ძალიან კარგი, მოვლილი სტადიონებია და გულშემატკივარიც კარგი იყო ატმოსფეროს შექმნაში“.

„რაც შეეხება თამაშს, აქ მოულოდნელობები არ ყოფილა, რადგან ვიცოდით, რომ საქართველოს კარგი, ძალისმიერი გუნდი ყავს და ამისათვის მზად ვიყავით. კარგ ბრძოლას ველით მეორე თამაშშიც“.

„ექვსი ერის გუნდები მიჩვეული ვართ მაღალი სტანდარტის რაგბს. საქართველო არაა ექვსი ერის წევრი, თუმცა მათ დიდ კონკურენციას უწევს. ყველამ ვნახეთ რა დღეში ჩააგდეს შარშან ქართველებმა შოტლანდიელები და როგორ ანერვიულეს და არბენინეს უელსელები. დიახ, საქართველო კონკურენტუნარიანი გუნდია და მათ წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის ბევრის მომტანი იქნება“.

rugby.ge

0.115309