„აიაქსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ედვინ ვან დერ სარმა, თანამდებობა დატოვა - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ვან დერ სარ თავის მოვალეობებს საბჭოს წევრებს 2023 წლის 1 ივნისს გადასცემს. სამეთვალყურეო საბჭომ მას სთხოვა თანამდებობაზე 1 აგვისტომდე დარჩენილიყო, მაგრამ უარი მიიღო.
„დირექტორთა საბჭოში 11-წლიანი მუშაობის შემდეგ, გადავწყვიტე სამსახური დავამთავრო. ერთად მშვენიერი მომენტებიც გვქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდი წარმოუდგენლად რთული იყო. მადლობელი ვარ იმ აიაქსელების, რომლებსაც შევხვდი და ვიმუშავე ჩემი კარიერის მეორე ეტაპზე. ახლა ცოტას დავისვენებ და სხვა საქმეებს მივხედავ.“- დასძინა ლეგენდარულმა მეკარემ.
ვან დერ საარი „აიაქსის“ დირექტორთა საბჭოში 2012 წლის ნოემბრიდან მუშაობდა. 2016 წლის ნოემბრიდან კი კლუბის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. ამსტერდამულ კლუბთან მისი კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე იყო გათვლილი.
შეგახსენებთ, რომ ახლახან დამთავრებულ ნიდერლანდების ერედივიზიაში „აიაქსმა“ მესამე ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა.