გროზნოს „ახმატის“ 34 წლის მეკარემ, გიორგი შელიამ, საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილზე ისაუბრა.
„ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაშია, მაგრამ ვერ მხედავენ. ერთხელ დამირეკეს, როცა ჯერ კიდევ „ტამბოვში“ ვთამაშობდი. გაუკვირდათ, რომ ქართულად მშვენივრად ვლაპარაკობდი, გაოცდნენ, რომ ასეთი სურვილი გამიჩნდა და ამის შემდეგ გაქრნენ.
წელიწადნახევრის წინ ქართული პასპორტის გაკეთება ვცადე. მივმართე, მაგრამ უარი მითხრეს, თუმცა ენა ვიცი და მეცხრე კლასამდე სკოლაში იქ ვსწავლობდი. ინტერვიუმ კარგად ჩაიარა, მაგრამ საბოლოოდ უარი მივიღე.
რამდენიმე ვარაუდი მაქვს ამის შესახებ, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია. ფაქტია, უცნაური სიტუაციაა.“ - ციტირებს შელიას სიტყვებს Metaratings.
შელია „ახმატში“ 2020 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, 43 გოლი გაუშვა და რვაჯერ შეინახა კარი „მშრალად.“
მანამდე გიორგი „ტამბოვში,“ „უფაში,“ „ენისეიში,“ „ბალტიკასა“ და ბრიანსკის „დინამოში“ თამაშობდა.