ავტოსპორტი

1:36 | 30.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიუგარდენმა ინდი 500 ერიკსონთან პაექრობაში მოიგო

ამერიკელმა ჯოზეფ ნიუგარდენმა ინდი 500-ის ბოლოსწინა წრეზე, რესტარტი საუკეთესოდ შეასრულა, უკან მოიტოვა შარშანდელი გამარჯვებული, შვედი მარკუს ერიქსონი და პირველად მოიგო ლეგენდარული რბოლა, რომელიც „რბოლებში უდიდესი სპექტაკლის“ სახელითაა ცნობილი.

რბოლის მიწურულს, ინციდენტების გამო, რბოლა წითელი ალმით სამჯერ შეწყდა. როდესაც ბოლო რესტარტი მიეცა, ერიკსონი წინ იყო, ნიუგარდენმა კი მეოთხედან მეორეზე გადაინაცვლა და არც ერიკსონის ჩამოტოვება გასჭირვებია, რითაც თავისი გუნდის შეფ როჯერ პენსკეს დიდი სიხარული მოუტანა. პენსკესთვის ეს ინდი 500-ზე მე-19 გამარჯვებაა და პირველი მას შემდეგ, რაც 2019 წელს ინდიქარ-ის სერიის მფლობელი გახდა.

„ისეთი მადლიერი ვარ. დავიწყე, როგორც მაყურებელმა, ეს საოცარია. ეს ქალაქი მიყვარს. ბოლო 10 წრეზე ემოციებმა შემიპყრო. ვიცოდი, საბრძოლო პოზიცია მქონდა. მადლობელი ვარ გუნდის, ყველასი, ბოლოს და ბოლოს, ეს შევძელი“, - განაცხადა 32 წლის ამერიკელმა, ვის კარიერასაც მხოლოდ ეს გამარჯვება აკლდა. მას 2017 და 2019 წლებში ინდიქარ-ის ტიტულები აქვს მოპოვებული.

მხოლოდ მე-16 ადგილს დასჯერდა ინდი 500-ის 2013 წლის ჩემპიონი, მაყურებელთა ბრაზილიელი ფავორიტი ტონი კანაანი, ვისთვისაც ეს კარიერაში ბოლო რბოლა იყო. მასზე ერთი ადგილით წინ დაამთავრა რბოლა კიდევ ერთმა ბრაზილიელმა ჰელიო კაშტრუნევიშმა, ვინც კარიერას ჯერ არ ამთავრებს, რადგან ინდი ხუთასზე მეხუთე გამარჯვებას უმიზნებს, რაც რეკორდი იქნება.

რბოლის დასრულებამდე 15 წრით ადრე, მძიმე ავარია მოხდა, რომელმაც ბეწვზე არ გამოიწვია ტრაგედია: შვედი ფელიქს როსენკვისტი და ამერიკელი კაილი კირკვუდი დაეჯახნენ, რამაც კირკვუდის მანქანა დამცავი ბადის იქით გადააგდო. ბედად, ის პარკინგის ზონაში დაეცა და არა მაყურებლებში. თავად პილოტიც გადარჩა.

რაც შეეხება ერიკსონს, მას შანსი ჰქონდა, 2001-02 წლების შემდეგ გამხდარიყო პირველი პილოტი, ვინც ინდი 500-ს ზედიზედ ორჯერ მოიგებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112525