სხვა

22:49 | 27.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

როგლიჩმა ჯიროზე გამარჯვება პრაქტიკულად გაინაღდა

ჯირო დ’იტალიას დასრულებამდ ერთი ეტაპიღა დარჩა, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი მოიგებს. ვუელტას სამგზის ჩემპიონმა, ბოლო კონკურენტულ ეტაპზე შეძლო ტურ დე ფრანსის ყოფილი ჩემპიონის, ბრიტანელი გერეინ თომასის ჩამოტოვება.

დღეს მე-20 ეტაპი იყო, დროზე ინდივიდუალური რბოლა, რომელიც პირველი კატეგორიის აღმართით დასრულდა. და ის სწორედ როგლიჩმა მოიგო. „ჯუმბო-ვისმას“ მრბოლმა 40 წამით აჯობა თომასს. არადა რბოლისას, მის ველოსიპედს მექანიკური პრობლემა შეექმნა.

„საოცარი გრძნობაა. რბოლისას ჯაჭვი ჩამოვარდა, მაგრამ ის ადგილზე დავაყენე. ამის გამო, შეიძლებოდა ყველაფერი დამეკარგა, მაგრამ ეს რბოლის ნაწილია. მაყურებელმა დამატებითი ენერგია მომანიჭა. ერთი დღე დაგვრჩა. ბოლო ეტაპი საკმაოდ ტექნიკურია. ფინიშამდე გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ ყველაფერი კარგადაა“, - განაცხადა 33 წლის როგლიჩმა.

ერთ მომენტში როგლიჩი თომასს 16 წამს უგებდა, მაგრამ თითქმის ათკილომეტრიანი აღმართის შუაში, ორმოზე გადაიარა და ვიბრაციამ ჯაჭვი კბილანიდან გადმოაგდო. მან დრო და ტემპი დაკარგა, მერე კი ბაიკიც გამოუცვალეს. სლოვენიელმა ამის მიუხედავად, შეძლო მაღალი ტემპის აკრეფა და დარჩენილ გზაზე, თომასთან 26-წამიანი ჩამორჩენის აღმოფხვრასთან ერთად, მას დამატებით 14 წამითაც აჯობა. მესამე ადგილი დაიკავა და როგლიჩს 42 წამით ჩამორჩა პორტუგალიელი ჟოაუ ალმეიდა.

ცნობისათვის, როგლიჩი 2020 წლის ტურ დე ფრანსს დამაჯერებლად იგებდა, მაგრამ ბოლოსწინა ეტაპზე, რომელიც ასევე დროზე ინდივიდუალური რბოლა იყო, ის თანამემამულე ტადეი პოგაჩარმა ჩამოიტოვა.

0.125826