მსოფლიო ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა მონაკოს დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და კვირის რბოლას მოწინავე პოზიციიდან დაიწყებს. მან დაძაბულ პაექრობაში აჯობა ფერნანდო ალონსოს, ვისაც ჰოლანდიელის ბოლო ცდამდე, საუკეთესო დრო ჰქონდა. ამგვარად, სტარტზე წინა ორ პოზიციას, მსოფლიოს ორი ორგზის ჩემპიონი დაიკავებს.
41 წლის ალონსოს კარგი შანსი აქვს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გამარჯვება მოიპოვოს. ამის შანსს მას მონაკოს ვიწრო ქუჩებში განლაგებული ტრეკი აძლევს, სადაც გასწრება რთულია.
ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა ადგილობრივი შარლ ლეკლერი, ვისაც მონაკოში პოული უკვე ორჯერ აქვს მოპოვებული. სტარტს ბოლო ადგილიდან აიღებს ფერსტაპენის თანაგუნდელი სერხიო პერესი, ვისაც ავარია მოუვიდა და კვალიფიკაციას პირველივე ნაწილში გამოეთიშა.
„ღმერთო ჩემო, კედელს ორჯერ შევეხე“, - განაცხადა ფერსტაპენმა, ვინც წრე წუთსა და 11.365 წამში გაიარა და ალონსოს 0.084 წამით აჯობა. ეს მის კარიერაში 23-ე პოულ პოზიციაა.
მეოთხე პოზიციას დასჯერდა ფრანგი ესტებან ოკონი, ვისაც ერთ მომენტში, საუკეთესო დროც კი ჰქონდა.
მონაკოს დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:11.365
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ასტონ მარტინი) 1:11.449
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:11.471
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1:11.553
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1:11.630
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:11.725
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალპინი) 1:11.933
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:11.964
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1:12.082
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:12.254
- ოსკარ პიასტრი (ავსტრალია, მაკლარენი) 1:12.395
- ნიკ დე ფრისი (ჰოლანდია, ალფატაური) 1:12.428
- ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 1:12.527
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1:12.623
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:12.625
- ლოგან სარჯენტი (აშშ, უილიამსი) 1:13.113
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:13.270
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ჰაასი) 1:13.279
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1:13.523
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1:13.850