სხვა

2:09 | 26.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

თომასმა ჯიროზე ლიდერობა განიმტკიცა

ჯირო დ’იტალიას მე-18 ეტაპი „ჯეიკო-ალულას“ იტალიელმა ფილიპო ძანამ მოიგო, უელსელმა გერეინ თომასმა (ინეოს გრენადერსი) კი ლიდერის პოზიცია განიმტკიცა. მისი უახლოესი მდევარი ამჯერად პრიმოჟ როგლიჩია (ჯუმბო-ვისმა), ვისთან ერთადაც, ფინიშს მიაღწია. როგორც ჩანს, ბოლო ორ ეტაპზე, გამარჯვებული სწორედ ამ ორს შორის გამოვლინდება.

მე-18 ეტაპი, ისევე როგორც ორი მომდევნო, სამთო იყო. მის ფინიშზე სპრინტერული ორთაბრძოლა ჰქონდათ ძანას და ფრანგ თიბო პინოს (გრუპამა-FDJ), რომელიც საბოლოოდ, იტალიელის გამარჯვებით დასრულდა. მან პირველად მოიგო ჯიროს ეტაპი. მესამეზე ფრანგი ვარენ ბარგილი (არკეა-სამსიჩი) გავიდა.

„ახლაც არ მჯერა, რომ მოვიგე. მინდა, გუნდს მადლობა გადავუხადო, რადგან ამის შესაძლებლობა მათ შემიქმნეს. ბოლოს, მე ჩემი ბანქო კარგად გავათამაშე. ეს იყო შანსი, როგორიც ცხოვრებაში შეიძლება იშვიათად მიიღო და მე ის გამოვიყენე“, - განაცხადა ძანამ.

პინოც და ძანაც იმ ექვსკაციან ჯგუფში იყვნენ, რომლებმაც ფინიშამდე 10 კილომეტრით ადრე, პელოტონი ოთხწუთნახევრით ჩამოიტოვეს. შემდეგ კი მათ კომპანიონებსაც გაასწრეს და ფინიშამდე ერთად მივიდნენ.

ველომარათონის დასრულებამდე ორი ეტაპით ადრე, თომასი როგლიჩს 29 წამს უგებს. ჟოაუ ალმეიდამ რბოლა მეექვსემ დაასრულა და კლასიფიკაციაში, მეორედან მესამეზე გადაინაცვლა.

მე-19 ეტაპზე მონაწილეებს კიდევ უფრო რთული მარშრუტი ელით, რომელზეც ოთხი პირველი კატეგორიის სამთო მონაკვეთია გასავლელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125869