ავტოსპორტი

1:41 | 25.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ჰონდა“ ფორმულა 1-ს უბრუნდება, ამჯერად „ასტონ მარტინთან“ ერთად

„ჰონდამ“ დაადასტურა, რომ ფორმულა 1-ს 2026 წელს დაუბრუნდება და მისი პარტნიორი „ასტონ მარტინი“ იქნება. ეს სპეციალურად მოწყობილ პრეს კონფერენციაზე გამოცხადდა, რომელსაც იაპონური კომპანიის მთავარი აღმასრულებელი, ტოშიჰირო მიბე, „ჰონდა რეისინგ კორპორეიშენის“ პრეზიდენტი კოძი ვატანაბე, „ასტონ მარტინის“ მფლობელი ლოურენს სტროლი და ბრიტანული კომპანიის ტენოლოგიების ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი მარტინ უიტმარში დაესწრნენ (ფოტოზე).

ისევე როგორც წინა დაბრუნებისას, „ჰონდა“ ამჯერადაც ერთადერთ გუნდთან პარტნიორობით შემოიფარგლება. და ამჯერადაც, მისი პარტნიორი „მერსედესის“ ძრავების მომხმარებელია.

„ჰონდამ“ ფორმულა 1 ოფიციალურად 2021 წელს დატოვა, თუმცა „რედ ბულისთვის“ შეცვლილი სახელით, ძრავებს კვლავაც აწარმოებს. ავსტრიულმა გუნდმა უფრო ადრე გამოაცხადა, რომ 2026 წლიდან „ფორდთან“ დაიჭერს საქმეს, რომელიც მისი ტექნიკური მხარდამჭერი გახდება.

მიბე ამბობს, რომ მის კომპანიას დაბრუნებისკენ იმ გარემოებამ უბიძგა, რომ ფორმულა 1 კარბონ ნეიტრალური ხდება, რაც „ჰონდას“ გრძელვადიან გეგმებს შეესაბამება.

ცნობისათვის, 2026 წლიდან ფორმულა 1 სრულად განახლებად საწვავზე გადავა და ძალურ დანადგარებში, ელექტრო ენერგიის წილს გაზრდის. საბოლოოდ, დიდი პრიზების ცირკი, კარბონ ნეიტრალური 2030 წლისთვის უნდა გახდეს.

„ასტონ მარტინს“ ამჟამდ მსოფლიო ჩემპიონტში კონსტრუქტორთა შორის მეორე ადგილი უკავია, მისი ესპანელი პილოტი ფერნანდო ალონსო კი ხუთ რბოლაში ოთხჯერ დადგა კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე. კომპანიის შეფი სტროლი ფულად სახსრებს არ იშურებს გუნდის გასაძლიერებლად. მისი ინვესტიციების წყალობით, გუნდს ახალი ბაზა და აეროდინამიკური მილი აქვს. გარდა ამისა, ინტენსიური ხასიათი აქვს სხვა გუნდებიდან წამყვანი სპეციალისტების გადაბირებას. მას ძლიერი სპონსორები ჰყავს კომპანიების, „კოგნიზანტისა“ და „საუდი არამკოსგან“.

„მერსედესთან“ დაშორება ნიშნავს, რომ „ასტონ მარტინს“ საკუთარი გადაცემათა კოლოფის და უკანა საკიდარის შექმნა მოუწევს. თუმცა უიტმარში (ვინც ადრე მაკლარენის შეფი იყო) ამბობს, რომ ეს გუნდის განვითარების გეგმაში შედის და მას რეალურ დამოუკიდებლობას მიანიჭებს.

0.119025