კალათბურთი

12:35 | 23.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

იოკიჩის სამმაგი დუბლი: "დენვერის" საოცარი მე-3 პერიოდი და სუპერფინალი

NBA-ს პირველი სუპერფინალისტის ვინაობა ცნობილია. „დენვერ ნაგეტსმა“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ სერიის მეოთხე შეხვედრაშიც დაამარცხა და გადამწყვეტ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ლებრონ ჯეიმსის ბრწყინვალე თამაშმა ლოს ანჯელესელებს ვერ უშველა და დასავლეთ კონფერენციის ფინალი მათთვის კიდევ ერთი მარცხით, 111:113 დასრულდა.

ჯეიმსმა ყველაზე კარგად პირველი პერიოდი ჩაატარა, როდესაც საწყის 12 წუთში 21 ქულა ჰქონდა, ეს მის კარიერაში მეოთხე შემთხვევაა როდესაც პოსტსეზონში მინიმუმ 20-ქულიანი მეოთხედი ითამაშა. საერთო ჯამში კი 38 წლის ამერიკელმა 48 წუთში 40 ქულა, 10 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა გამოიმუშავა.

„ლეიკერსი“ პირველი ტაიმის შემდეგ 15 ქულითაც იგებდა, მაგრამ მესამე პერიოდი საშინლად ჩაატარა, რომელიც 20 ქულით წააგო და ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი. „დენვერს“ ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა. სერბმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 30 ქულა, 14 მოხსნა, 13 პასი. იოკიჩი დასავლეთ კონფერენციის ფინალის MVP-იც გახდა და მეჯიქ ჯონსონის თასი გადაეცა. ნიკოლამ მიმდინარე პლეი-ოფში მერვე სამმაგი დუბლი მიითვალა, რითაც უილტ ჩემბერლენის რეკორდი დაამხო.

ამრიგად, „დენვერ ნაგეტსი“ ისტორიაში პირველად სუპერფინალშია, სადაც მეტოქეს დაელოდება. დიდი ალბათობით, ეს „მაიამი ჰიტი“ იქნება, რომელიც „ბოსტონ სელტიქსს“ სერიაში დამაჯერებლად (3:0) ამარცხებს და სუპერფინალთან ერთ ნაბიჯშია.

0.114631