თანამედროვე საგზაო ველოსპორტის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ველომრბოლმა, ბრიტანელმა მარკ კავენდიშმა გამოაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე, თავის 17-წლიან კარიერას დაამთავრებს.
თავისი კარიერის განმავლობაში, კავენდიშს 161 გამარჯვება აქვს მოპოვებული, მათგან 34 - ტურ დე ფრანსზე, რითაც ბელგიელ ლეგენდის, ედი მერქსის რეკორდი გაიმეორა.
კავენდიშმა ეს ამბავი სპეციალურად გამართულ პრეს კონფერენციაზე გამოაცხადა, რომელიც ჯირო დ’იტალიას დასვენბის დღეს, მისმა გუნდმა „ასტან-კაზახსტანმა“ ჩაატარა. წინა დღეს მას 38 წელი შეუსრულდა.
„ყველა იმ რბოლის ყოველი კილომეტრი მიყვარს, რომლებშიც მონაწილეობა მიმიღია. და ვფიქრობ, რომ ახლა კარგი დროა ვთქვა, რომ ეს ჩემი ბოლო ჯიროა და 2023 წლის ბოლოს, პროფესიონალი ველომრბოლის კარიერას დავამთავრებ“, - განაცხადა კავენდიშმა, ვისაც ფეთქებადი სტილის სპრინტის გამო, „მანქს მაისლი“ (მანქსელი ჭურვი) დაარქვეს.
კავენდიშს დიდ ველომარათონებზე 53 რბოლა აქვს მოგებული. გარდა ამისა, 2011 წელს, საგზაო რბოლაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე, სადაც ტრეკზე იასპარეზა, მან ომნიუმში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტრეკზევე, მედისონში სამჯერ მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
2014 წელს, ტურ დე ფრანსზე მიღებული ტრავმის და 2017 წელს ავადმყოფობის შემდეგ, ის 2021 წელს წარმატებით დაბრუნდა და ფრანგულ ტურზე ოთხი ეტაპი მოიგო, რითაც მერქსის რეკორდი გაიმეორა.