ფეხბურთი

22:34 | 22.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" სერია A-ში ქულები ისევ დააკლეს

ტურინის „იუვენტუსს“ ქულები კიდევ ერთხელ დააკლეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და კაპიტალის მოგების საქმეზე „იუვეს“ 10 ქულა დააკლო.

ტურინელებს 20 იანვარს ამის გამო 15 ქულა დააკლეს, რაც კლუბმა გაასაჩივრა და იტალიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა სასამართლოს განაჩენი გააუქმა, შესაბამისად, „იუვეს“ ქულები დაუბრუნდა, თუმცა იმთავითვე ითქვა, რომ ეს დროებითი გადაწყვეტილება იყო და საქმე ხელახალ განხილვაში მიეცა. მაშინ დადგინდა, რომ „ბებერ ქალბატონს“ ზედმეტად მკაცრი სასჯელი გამოუტანეს.

საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ კი დადგინდა, რომ „იუვენტუსს“ 10 ქულა დააკლეს, შესაბამისად, ამ წუთისთვის ტურინული გრანდი 59 ქულით მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა, არადა 69 ქულით მეორე პოზიციაზე იყო. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ გაამართლა „იუვენტუსის“ რამდენიმე თანამშრომელი, რომლებსაც კლუბი უკვე დატოვებული აქვთ, მათ შორისაა პაველ ნედვედი.

ტურინული კლუბი უნდა დაელოდოს სასჯელის მიზეზების გამოქვეყნებას, რის შედეგადაც გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საგარანტიო საბჭოში შეეძლება.

აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსის“ შესახებ კიდევ ერთი გამოძიება მიმდინარეობს, ე.წ. "ხელფასების მანევრის" საქმე, სადაც განაჩენს 30 ივნისისთვის ელოდებიან და ამ შემთხვევაში კლუბს ქულების დაკლება ემუქრება, საქმეზე მოსმენა 15 ივნისს ჩაინიშნა. განაჩენი 30 ივნისამდე თუ იქნება მიღებული, ნებისმიერი სასჯელი მიმდინარე სეზონს დაუკავშირდება, ხოლო თუ 30 ივნისის მერე, მაშინ სანქცია ტურინელთა მომდევნო სეზონზე აისახება.

0.115751