სხვა

2:45 | 20.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროზე ამინდმა ისევ აურია, მე-13 ეტაპი კოლუმბიელმა რუბიომ მოიგო

იტალიეში და შესაბამისად, ჯიროზე, ამინდი ისევ გაჭირვეულდა, რამაც ველომარათონის მონაწილეებს ბევრი პრობლემა შეუქმნა. ალპებში დიდთოვლობის გამო, მე-13 ეტაპი დამოკლდა და დაგვიანებით დაიწყო. თითქმის განახევრებულ დისტანციაზე, კოლუმბიელმა აინერ რუბიომ (მოვისტარი), ფრანგი თიბო პინო და ეკვადორელი ჯეფერსონ ჩეპედა ჩამოიტოვა და ფინიშთან პირველი მივიდა.

რუბიომ გადამწყვეტი შეტევა ბოლო კილომეტრზე დაიწყო და თავის კარიერაში პირველად შეძლო დიდი ტურის ეტაპის მოგება. ბრიტანელმა გერეინ თომასმა კი ლიდერის ვარდესფერი მაისური შეინარჩუნა.

კრანს მონტანას (შვეიცარია) ფერდობზე, თავიდან შეტევა პინომ და ჩეპედამ დაიწყეს, რომლებიც აღმართიან მოსახვევებში ძლიერ რისკავდნენ. თუმცა ბოლოს რუბიომ უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ორივე უკან ჩამოიტოვა.

„დრო დამჭირდება იმის გასაცნობიერებლად, რომ ჯირო დ’იტალიას ეტაპის მოგება შევძელი. არ მჯერა, რომ ეს შევძელი. ცუდ ამინდში საქმე ძლიერ გაგვირთულდა, მაგრამ არ გავჩერებულვარ. პინო და ჩეპედა ძალიან ძლიერები იყვნენ, მაგრამ ტაქტიკურად კარგად ვიმოქმედე, რამაც მომაგებინა“, - განაცხადა რუბიომ, ვინც პინოს (გრუპამა FDJ) ექვსი წამით აჯობა, ჩეპედას (ედუქეიშნ-იზიპოსტ) კი - თორმეტით.

ცუდი ამინდის და მოსალოდნელი ზვავების გამო, ორგანიზატორებმა დიდი სენ ბერნარის უღელტეხილზე გამავალი მონაკვეთი გააუქმეს, ეტაპის დისტანცია კი 207 კილომეტრიდან, 74.6 კილომეტრამდე შეკვეცეს. ძლიერი წვიმის გამო კი რბოლის სტარტი გადაიდო.

0.114444