ფეხბურთი

16:30 | 19.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტის წასვლის შანსი დიდია: დე ლაურენტისი ბენიტესის დაბრუნებაზე ფიქრობს

„ნაპოლიში“ ლუჩანო სპალეტის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. იტალიური მედია წერს, რომ 64 წლის სპეციალისტის სეზონის ბოლოს კლუბის დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს.

სპალეტის აურელიო დე ლაურენტისი ახალ კონტრაქტს სთავაზობს, მაგრამ ტოსკანელი სპეციალისტი გარკვეული საკითხებით უკმაყოფილოა, რის გამოც ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

ამასობაში, იტალიური მედია სპალეტის პოტენციურ მემკვიდრეებზე წერს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, დე ლაურენტისი არც მეტი, არც ნაკლები, რაფაელ ბენიტესის დაბრუნებაზე ფიქრობს. ესპანელი „ნაპოლის“ 2013-2015 წლებში უკვე ავარჯიშებდა და როგორც ცნობილი გახდა, მხარეებს შორის, პირველი კონტაქტი უკვე შედგა. აღსანიშნავია, რომ რაფა ნეაპოლში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.

გარდა ამისა, გაიჟღერა ჯან პიერო გასპერინის და ანტონიო კონტეს კანდიდატურებმაც, მაგრამ ორივეს შემთხვევაში პრობლემა 3-5-2 სათამაშო სქემაა, რაც ნეაპოლელთა გეგმებში არ ჯდება, რადგან საამისოდ საჭირო ფეხბურთელები კლუბში არ არიან. ამიტომაც, უფრო რეალურად განიხილება ვინჩენცო იტალიანოს ვარიანტი, რომელიც ახლა „ფიორენტინას“ ავარჯიშებს და ფლორენციული კლუბი კონფერენს ლიგისა და იტალიის თასის ფინალში გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ 2021 წლიდან ავარჯიშებს და გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა.

0.122418