რაგბი

12:57 | 19.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

რაგბი თავის კერას უბრუნდება

თბილისის მერის, კახი კალაძის გადაწყვეტილებით და მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოს რაგბის კავშირს დიდ დიღომში, გ. ბრწყინვალეს ქუჩაზე მდებარე, ყოფილი სარაგბო ბაზის ტერიტორია უბრუნდება.

16 წლის წინათ, სანამ 2 ჰექტარი ფართობის ტერიტორია გასხვისდებოდა, იქ რაგბის კლუბი ‘ლელო’ და ‘ოლიმპიური რეზერვების სკოლა’ იყო განთავსებული. ყოფილი სარაგბო კომპლექსის შენობები და მოედნები ამჟამად ამორტიზებული და გამოუყენებადია. საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიის მიერ გადმოცემულ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების სარაგბო ბაზა მოეწყობა, რომელიც ძირითადად, ბავშვთა რაგბის განვითარებას მოემსახურება, ასევე, უმასპინძლებს ბავშვთა სარაგბო ფესტივალებს. ახალი სარაგბო კომპლექსიდან ქართული რაგბი მუდმივად შეივსება ნიჭიერი და პერსპექტიული სპორტსმენებით.

“მადლობა კახი კალაძეს ამ ინიციატივისთვის, რომელიც სამართლიანიც არის და გონივრულიც, და, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული რაგბის განვითარებაში, მომავალი გამარჯვებების უზრუნველყოფაში” – განაცხადა იოსებ ტყემალაძემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.

RUGBY.GE

0.116584