რაგბი

18:02 | 18.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის მერიამ საქართველოს რაგბის კავშირს მიწის ნაკვეთი გადასცა

თბილისის მერიამ საქართველოს რაგბის კავშირს დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს N49-ში 19226 კვ. მ მიწის ნაკვეთი გადასცა. ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება დღეს თბილისის საკრებულოში გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა რაგბის განვითარება და ტერიტორიისთვის სპორტული პროფილის მუდმივად შენარჩუნება.

ხელმოწერის შემდეგ დედაქალაქის მერმა გადაწყვეტილების დეტალებზე ისაუბრა.
„აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2007 წელს გასხვისდა, იყო კერძო საკუთრება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მესაკუთრეს ჰქონდა ვალდებულება, 10 წლის განმავლობაში სტატუსი შეენარჩუნებინა, ამის შემდეგ კი შეეძლო, განეხორციელებინა სხვადასხვა ტიპის პროექტი – ეს შეიძლება ყოფილიყონ საცხოვრებელი კორპუსი, ოფისი ან სხვა რამ, რასაც თვითონ გადაწყვეტდა. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება და დედაქალაქის მერიამ აღნიშნული სივრცე დაიბრუნა. მუნიციპალიტეტს არაერთი ასეთი პროექტი განუხორციელებია, სადაც კონკრეტული სპორტული ინფრასტრუქტურა იყო გასხვისებული. ჩვენ ისინი დავიბრუნეთ. ძალიან სასიამოვნოა, რომ 2 ჰექტარი ტერიტორია გადაეცემა რაგბის კავშირს, სადაც სპორტული ცენტრის პროექტი განხორციელდება. ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, 4 შვილის მამისთვის. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტის ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ ფეხბურთის ფედერაციასთან, რომელთანაც ბევრი კარგი პროექტი გვაკეთეთ. ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ დამსახურებას ქართული სპორტის განვითარებაში.

„რაგბი ძალიან მნიშვნელოვანი სპორტია. ბევრი წარმატება გვაქვს და ეს წარმატება შემთხვევით არ მოდის. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი რაგბის განვითარებაში. ინფრასტრუქტურა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა, ამ ადამიანის დამსახურებაა. მისი ხელშეწყობით და უშუალო ჩართულობით მოხდა ამ ინფრასტრუქტურის შექმნა. ზოგადად, ნებისმიერი სპორტისთვის, ეს იქნება რაგბი, ფეხბურთი, კალათბურთი, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, სადაც ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს ექნებათ ვარჯიშის და განვითარების შესაძლებლობა. ვულოცავ რაგბის დიდ ოჯახს და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი პროექტი განხორციელდება“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირს გადაეცა, 16 წლის წინ, მის გასხვისებამდე, სარაგბო კლუბი „ლელო“ და „ოლიმპიური რეზერვების სკოლა“ იყო განთავსებული, თუმცა ინფრასტრუქტურა ამჟამად ამორტიზებულია.

საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიის მიერ გადაცემულ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების სარაგბო ბაზა მოეწყობა, რომელიც ძირითადად, ბავშვთა რაგბის განვითარებას მოემსახურება, ასევე, უმასპინძლებს ბავშვთა სარაგბო ფესტივალებს.

RUGBY.GE

0.13488