რაგბი

17:22 | 18.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

საჩემპიონო ზეიმი რუსთავში

რუსთავის მერიისა და საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით, რუსთავის ცენტრალურ პარკში ‘ხარების’ ჩემპიონობასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიებას, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, ასევე რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რაგბის კავშირის გამგეობის წევრები და ვეტერანი მორაგბეები დაესწრებიან.

საზეიმო მიღება რუსთავის მერმა ქალბატონმა ნინო ლაცაბიძემ გახსნა. მან ჩემპიონ კლუბს რუსთავის მერიის სპეციალური ჯილდო გადასცა. რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, იოსებ ტყემალაძემ რუსთავის ‘ხარების’ მენეჯერი გია ქერაშვილი დააჯილდოვა, ხოლო თავად ნინო ლაცაბიძეს, რუსთაველი მორაგბეების მხარში დგომისთვის ბორჯღალოსნების კვართი გადასცა.

საზეიმო ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ანსამბლ „შვიდკაცასა“ და ნეკა სებისკვერიძის კონცერტი გაიმართა.

რუსთავის ‘ხარები’ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ტრადიციების მქონე კლუბია. გუნდი 1990 წელს ალექსანდრე ლობჟანიძემ ჩამოაყალიბა და მას შემდეგ რუსთაველებმა ყველა სინჯის მედალი ორ-ორჯერ მოიპოვეს. გუნდი ჩემპიონი პირველად 1993 წელს გახდა, მომდევნო წელს ვერცხლის მედლები მოიპოვა, 1997 წელს კი ბრინჯაოს დასჯერდა.

უსახსრობის გამო გუნდი მალევე დაიშალა, თუმცა დავით კაკაბაძემ შეძლო მისი აღდგენა, 2009 წელს განახლებული ‘ხარები’ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა და კლუბისთვის ახალი ერა დაიწყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ რუსთავს სარაგბო სტადიონი აუშენა.

საჩემპიონო კვარცხლბეგზე რუსთაველები 2019 წელს დაბრუნდნენ, როდესაც დიდი 10-ის ფინალი ‘ბათუმთან’ დათმეს და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. 2022 წელს გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა, წელს კი, 6 მაისს „ავჭალაზე“ გამართულ ფინალში, პრაქტიკულად მთელი მატჩი კაცნაკლულებმა, ‘ბათუმს’ 24:22 სძლიეს და 30-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114966