სხვა

1:16 | 18.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროს მე-11 ეტაპი პასკალ აკერმანმა მოიგო

იტალიაში ისევ წვიმს, რაც ჯიროს მონაწილეებს საქმეს ურთულებს. ამის დასტურად, ველომარათონს მისი ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი ტაო გეოგეგენ ჰარტი გამოეთიშა, ვინც სველ გზაზე, დაღმართში დაეცა. რბოლა კი გერმანელმა პასკალ აკერმანმა მოიგო.

გეოგეგენ ჰარტის (ინეოს გრენადერსი) მსგავსად, დაცემას ვერც მისი თანაგუნდელი, რბოლის ლიდერი გერეინ თომასი და სლოვენიელი ფავორიტი პრიმოჟ როგლიჩი (ჯუმბო-ვისმა) გადაურჩნენ, მაგრამ ამათ ასპარეზობის გაგრძელება მოახერხეს. გუნდმა გამოაცხადა, რომ გეოგეგენ ჰარტს ჰოსპიტალში დამატებით გასინჯავენ.

29 წლის აკერმანმა (UAE ტიმ ემირატსი) კარიერაში ჯიროს ეტაპი მესამედ მოიგო. საფინიშო სპრინტში მან იტალიელი ჯონათან მილანი (ბაჰრეინ ვიქტორიოუს) და ბრიტანელი მარკ კავენდიში (ასტანა კაზახსტანი) ჩამოიტოვა. მათ შორის სხვაობა იმდენად მცირე იყო, რომ გამარჯვებულის გამოვლენას ფოტო-ფინიში დასჭირდა.

სპრინტი თავიდან მეექვსე ეტაპის გამარჯვებულმა, დანიელმა მადს პედერსენმა დაიწყო, მალე კი მას კავენდიშმა გაასწრო, მაგრამ ფინიშამდე ესეც დაიღალა, რამაც აკერმანს შანსი მისცა და მან ეს შანსი კარგად გამოიყენა. მეორე და მესამე ადგილები შესაბამისად, მილანმა და კავენდიშმა დაიკავეს.

თომასმა ლიდერობა შეინარჩუნა და როგლიჩს ორ წამს უგებს. მესამეზე პორტუგალიელი ჟოაუ ალმეიდაა (UAE ტიმ ემირატსი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11162