ფეხბურთი

0:58 | 18.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" სხვა სამყაროდან! პეპ გვარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალის“ მაგიამ აღარ გაჭრა - „მანჩესტერ სიტიმ“ „სამეფო კლუბი“ უშანსოდ დაამარცხა და ფინალშია!

პეპ გვარდიოლას გუნდმა „ეტიჰად სთედიუმზე“ მადრიდულ გრანდს უბრალოდ არაფრის გაკეთების საშუალება მისცა. ძალიან მაღალი პრესინგი, მაღალი ინტენსივობა, მაღალი ტემპი, რასაც კარლო ანჩელოტის გუნდი ვერ გაუმკლავდა და 0:3 წააგო. თამაშის სცენარიდან გამომდინარე უფრო ლოგიკური შეიძლება უფრო დიდი სხვაობაც ყოფილიყო, მაგრამ ტიბო კურტუამ არაერთხელ ითამაშა დიდებულად.

იგივეს ვერ ვიტყვით მის თანაგუნდელებზე, რომლებმაც ალღო ვერ აუღეს ინგლისელთა ფეხბურთს. მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც ბერნარდო სილვამ დუბლი შეასრულა. პორტუგალიელ ფეხბურთელს კარიერაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ტაიმი ჰქონდა. სხვათა შორის, მის გოლებამდე მანჩესტერელებმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს.

არც მეორე ტაიმში შეცვლილა არაფერი - ფეხბურთს მხოლოდ „სიტი“ თამაშობდა, შესაბამისად, სხვაობის გაზრდაც მოახერხა. მადრიდელთა რბევა ედერ მილიტაოს ავტოგოლით გაგრძელდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ხულიან ალვარესმა დააფიქსირა - 4:0!

ორი მატჩის ჯამში „მანჩესტერ სიტიმ“ 5:1 მოიგო! ძნელია გასახსენებელია ასეთი უსუსური „რეალი“ ბოლო წლების განმავლობაში, ისე კი ამ ანგარიშით ესპანურ გრანდს 2009 წელს „ლივერპულთან“ აქვს წაგებული. ამაზე დიდი სხვაობით კი "სამეფო კლუბს" ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს წაუგია (კონკრეტულად ლიგაზე და სტატისტიკაში არ შედის ჩემპიონთა თასის მატჩები).

ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტი“ სხვებზე მაღლა დგას და ფინალში ალბათ, ფავორიტია. „სიტი“ 10 ივნისს, სტამბოლში, მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება. ეს იქნება „ქალაქელთა“ ისტორიაში მეორე ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე.

და, ბოლოს, „მან სიტის“ 1999 წლის „მანჩესტერ იუნაიტედის“ შედეგის გამეორების შანსი აქვს: პრემიერლიგის მოგებამდე ერთი მოგება აშორებს, ინგლისის თასის ფინალშია და „მანჩესტერს“ შეხვდება, ხოლო სეზონს ჩემპიონთა ლიგის ფინალითა და „ინტერთან“ დაპირისპირებით დაასრულებს.

„მანჩესტერ სიტი“ – „რეალი“ 4:0 (2:0) - ორი მატჩის ჯამში: 5:1

მანჩესტერი, „ეტიჰად სთედიუმი“

„მანჩესტერ სიტი“ (3-2-4-1): ედერსონი; უოლკერი, რუბენ დიაში, აკანჯი; სტოუნსი, როდრი; ბერნარდო სილვა, დე ბრუინი (დე ბრუინი 84), გიუნდოგანი (მაჰრეზი 79), გრილიში; ჰოლანდი (ალვარესი 89)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი (ლუკასი 80), მილიტაო, ალაბა, კამავინგა (ჩუამენი 80); ვალვერდე, კროოსი (ასენსიო 70), მოდრიჩი (რიუდიგერი 63); როდრიგო (სებალიოსი 81), ბენზემა, ვინისიუსი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 1:0 ბერნარდო სილვა (23), 2:0 ბერნარდო სილვა (37), 3:0 მილიტაო (76, ა.გ), 4:0 ალვარესი (90)

გაფრთხილება: რუბენ დიაში (50), გიუნდოგანი (63), გრილიში (90) - კარვახალი (55)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (8) – 6 (3) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: შიმონ მარჩინაკი (პოლონეთი)

0.063551