ფეხბურთი

2:00 | 17.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ინძაგი: "ფინალში გასვლით ოცნება აგვიხდა, მაგრამ მისი მოგების პირობას ფანებს ვერ მივცემ"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „მილანთან“ გამარჯვებისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ფინალი ოცნება იყო, რომელიც რეალობა გახდა.

„მომდევნო დღეებში უფრო გავაანალიზებთ, რა გავაკეთეთ. ჩვენთვის ეს იყო ოცნება, მაგრამ მისი ყოველთვის გვჯეროდა. ნახევარფინალში დერბის ასე მოგება სასიამოვნოა. რა მომეწონა ჩემი გუნდისგან? ყველაფერი, სირბილი, აგრესია, კონცენტრაცია, ბიჭები ძალიან კარგები იყვნენ. იანვრიდან ოთხი დერბი ვითამაშეთ და ოთხივე მოვიგეთ, მიუხედავად იმისა, რომ „მილანი“ იტალიის ჩემპიონი და ხარისხიანი გუნდია. ახლა გულშემატკივრებს სურთ ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ არანაირ დაპირებას არ გავცემ. გიჟურ რეჟიმში ვთამაშობთ, ყოველ სამ დღეში, მაგრამ ორ ფინალში გავედით და ჩემპიონატში სიტუაცია გამოვასწორეთ. მადლობა ბიჭებს.

„სიტი“ თუ „რეალი“? ორივე ევროპის საუკეთესო გუნდია, პირველი მატჩიც თანაბარი იყო, მათ თამაშს ვუყურებ. ვამაყობ, რომ აქ ვარ. ვიცი, რა მოხდა „ინტერში“ ბოლო დროს, როცა მომიწვიეს და მთხოვეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლა, რადგან იქ გუნდი 2011 წლის შემდეგ არ იყო ნამყოფი. ამ სეზონში საკუთარ თავს ვაჯობეთ და უკეთესი შედეგი აჩვენეთ. ჩვენთვის არავის არაფერი უჩუქებია, ფინალი იყო ოცნება, რომელიც ახლა რეალობაა“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა, სადაც სტამბოლში, 10 ივნისს, მადრიდის „რეალს“ ან „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120225