ფეხბურთი

0:48 | 17.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

13 წლის შემდეგ "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

„მილანმა“ სასწაული ვერ მოახდინა და პირველ მატჩში „ინტერთან“ 0:2 წაგების მერე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გავიდა. „ინტერი“ კი ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის გადამწყვეტ მატჩს 2010 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს!

ჩემპიონთა თასს თუ არ ჩათვლით, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ნერაძური“ სულ რაღაც მეორედ გავიდა (30 წელიწადში). რა თქმა უნდა, ეს არ არის დიდებული შედეგი, მაგრამ ფაქტია, შავ-ლურჯები ძალიან ახლოს არიან ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან.

ერთი კვირის წინ სიმონე ინძაგის გუნდმა სტუმრად 2:0 მოიგო და იმთავითვე დიდი ნაბიჯი გადადგა ფინალისკენ, ეს უპირატესობა კი დღეს გაზარდა. ლაუტარო მარტინესმა 74-ე წუთზე სტუმართა დაცვის ხაზის ხარვეზით ისარგებლა და თავის გუნდს მეორე მატჩიც მოაგებინა.

ამრიგად, „ინტერმა“ „მილანთან“ ზუსტად 20 წლის წინ წაგებული ნახევარფინალისა და 2004-2005 წლების სეზონში ასევე წაგებული მეოთხედფინალისთვის რევანში აიღო. ზოგადად, „მილანს“ ევროთასებზე იტალიურ გუნდებთან ერთადერთი მარცხი ჰქონდა ისტორიაში (1993 წელს „პარმასთან“), მაგრამ ამჯერად თანაქალაქელთან ვერაფერი გააწყო და პრაქტიკულად უშანსოდ დამარცხდა.

ისე კი, უნდა ითქვას, რომ სტეფანო პიოლის გუნდმა ალბათ მაქსიმუმი აჩვენა - ასეთი „მილანისთვის“ ნახევარფინალი ურიგო შედეგი არ არის. „ინტერს“ კი დიდ წარმატებამდე ერთადერთი ნაბიჯი აკლია.

10 ივნისს, სტამბოლში, „ათა თურქზე“ „ინტერის“ მეტოქე მადრიდის „რეალი“ ან „მანჩესტერ სიტი“ იქნება. წინ ძალიან საინტერესო ფინალია...

„ინტერი“ – „მილანი“ 1:0 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 3:0

მილანი, „სან სირო“

„ინტერი“ (3-5-2): ონანა; დარმიანი, აჩერბი, ბასტონი; დუმფრისი, ბარელა (გალიარდინი 84), ჩალჰანოღლუ, მხითარიანი (ბროზოვიჩი 44), დიმარკო (გოზენსი 66); მარტინესი (კორეა 84), ჯეკო (ლუკაკუ 66)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

„მილანი“ (4-2-3-1): მენიო; კალაბრია, ტიაო (კალულუ 64), ტომორი, ტეო ერნანდესი; ტონალი, კრუნიჩი; მესიასი (სელმაეკერსი 76), დიასი (ორიგი 76), ლეაუ; ჟირუ

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლი: 1:0 მარტინესი (74)

გაფრთხილება: ბარელა (79), მარტინესი (82) - ტიაო (56), ტონალი (79), კრუნიჩი (82), ტომორი (82)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 5 (1) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: კლემენ ტურპინი

0.119998