იმოლას სარბოლო ტრეკის ხელმძღვანალობამ, ფორმულა 1-ის გუნდების თანამშრომლებს, პადოკის დატოვების თხოვნით მიმართა. ამის მიზეზი ისაა, რომ ახლომდებარე მდინარე სანტერნო, ძლიერი წვიმების გამო ადიდდა და ტრასას დატბორვით ემუქრება.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სიფრთხილე გამოიჩინა და ტრასის ხელმძღვანელობას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ამცნო. არადა, უახლოეს უქმეებზე იქ ემილია რომანიას დიდი პრიზი უნდა გაიმართოს.
ტრასაზე სარბოლო ავტომობილები პარასკევამდე არ გამოვა. თუმცა თავისუფალი პრაქტიკების გამართვაც ამინდზე იქნება დამოკიდებული. სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ, მაგრამ ძლიერ წვიმას - არა. გუნდბი ტრასაზე უკვე ჩასულები არიან და ეკიპირებას ბოქსებში განათავსებენ. ხშირად მათ ღამითაც კი უწევთ ხოლმე მუშაობა. მაგრამ ამჯერად ამის საშუალება არ ექნებათ.
სოცალურ ქსელში გავრცელდა ფოტო და ვიდეო იმისა, თუ როგორ მიედინება იმოლას ტრეკის ზოგიერთ ნაწილში ადიდებული მდინარის წყალი. გუბე დგას პადოკშიც, თუმცა ეს მდინარის წყალი არაა. „გაძეტა დელო სპორტი“ წერს, რომ ტრასის მახლობლად გზების ნაწილი და იქ არსებული ავტო-სადგომები დაიხურა.
იტალიის სამოქალაქო უსაფრთხოების სააგენტომ ორშაბათს ჩრდილოეთ იტალიაში განგაშის წითელი დონე გამოაცხადა. უამინდობის გამო, ჯირო დ’იტალიას ორგანიზატორებმა, პარასკევის მე-13 ეტაპის დისტანცია დაამოკლეს და იქიდან ალპებში მდებარე ყველაზე დიდი აღმართი ამოიღეს, რადგან იქ ძლიერი თოვლი მოვიდა და ველომრბოლთა შეჯიბრი უსაფრთხო არაა.