საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტური „ტორპედო“ – „სამგურალის“ მატჩით დაიწყო, რომელიც წყალტუბოელებმა მოიგეს, შემდეგ კი ტური სამი შეხვედრით გაგრძელდა.
„დინამო თბილისმა“ ორმატჩიანი მოუგებელი სერია „თელავთან“ გამარჯვებით დაასრულა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა კარგად ითამაშა და მეტოქე 6:1 გაანადგურა, რითაც მოგების გემო გაიხსენა. „დინამო“ 27 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „შუქურას“ ეთამაშება, ხოლო „თელავი“ 8 ქულით მერვე პოზიციაზეა და წინ „ტორპედოსთან“ თამაში აქვს.
„სამგურალს“ მოგებით უპასუხა „დინამო ბათუმმა“, რომელმაც ჯოვინოს დუბლით შინ „გაგრა“ 3:1 დაამარცხა. ბრაზილიელს განსაკუთრებით ერთი გოლი გამოუვიდა ძალიან ეფექტური. შედეგად, ბათუმელებსაც 31 ქულა აქვთ, როგორც წყალტუბოელებს, მომდევნო ტურში კი, 20 მაისს, ეს გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან. „გაგრა“ 11 ქულით მეშვიდეა.
ტურის კიდევ ერთი მატჩი „საბურთალოსა“ და „სამტრედიას“ შორის გაიმართა, რომელიც მასპინძლებმა დამაჯერებლად, 2:0 მოიგეს. ომარ თეთრაძის გუნდი კარგ ფორმაშია, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა. „საბურთალო“ 26 ქულით მეოთხეა, ხოლო „სამტრედია“ 7 ქულით ბოლო ორ ადგილს „შუქურასთან“ ერთად იყოფს.
„დინამო თბილისი“ – „თელავი“ 6:1 (3:0)
გოლები: 1:0 იმრანი (20), 2:0 მაისურაძე (27), 3:0 კამარა (34), 4:0 ვაგნერი (46), 5:0 კალანდაძე (62), 6:0 სხირტლაძე (81), 6:1 აშორტია (84)
„საბურთალო“ – „სამტრედია“ 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 სიხარულიძე (70), 2:0 სიხარულიძე (89)
„დინამო ბათუმი“ – „გაგრა“ 3:1 (2:0)
გოლები: 1:0 ზარია (4), 2:0 ჯოვინო (18), 2:1 მუსელიანი (75, პენ), 3:1 ჯოვინო (79)