ფეხბურთი

20:49 | 14.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "კვარაცხელია ბურთით ზღაპრულია, მისი ეშინიათ, სტრატოსფერული ფეხბურთელია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „მონცასთან“ მატჩის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, წაგება ცუდია, მაგრამ მისი გუნდი მხოლოდ შექებას იმსახურებს.

გარდა ამისა, იტალიელმა მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და მას კიდევ ერთხელ, სტრატოსფერული მოთამაშე უწოდა.

„წაგება ყოველთვის გამაღიზიანებელია, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ გუნდისთვისაც. თუმცა, ბიჭებს მხოლოდ კომპლიმენტები უნდა ვუთხრათ იმ ბრწყინვალე სეზონისთვის, რომლის ჩატარება შეძლეს.

ამჟამად, სხვადასხვა მიზეზის გამო, შეიძლება ნაკლები სისუფთავე და ბრწყინვალება იყოს თამაშში. თუმცა, ჩვენ ყოველთვის გვსურს, რომ მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ. ამ ბიჭებმა იციან, რომ თვითდისციპლინა მნიშვნელოვანია და ამ მხრივ ყოველთვის კარგად რეაგირებდნენ.

კვარაცხელიასთან ერთად გუნდი ყოველთვის უკეთ თამაშობს? მან ბევრი რაღაცის ძალიან კარგად გაკეთება იცის, ცოტათი დაცვით ფაზაში მომატება სჭირდება, როდესაც ბურთი არ გვაქვს, მაგრამ ბურთის ფლობის ფაზაში ის ნამდვილად ზღაპრული ფეხბურთელია. როდესაც ბურთი აქვს, მეტოქეებს ეშინიათ და ორი მეურვით ეთამაშებიან, რითაც სხვა ფეხბურთელებისთვის ადგილი და სივრცეები თავისუფლდება. ის სტრატოსფერული მოთამაშეა“, - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 40 შეხვედრაში 14 გოლით, 14 საგოლე პასით და 5 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა თავი, ხოლო „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 21 მაისს შინ „ინტერთან“ ჩაატარებს.

0.112404