ფეხბურთი

19:07 | 14.05.2023 | ნანახია 1177 - ჯერ

"ნაპოლიმ" "მონცასთან" წააგო, კვარაცხელიამ მხოლოდ მეორე ტაიმი ითამაშა

იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში აწ უკვე მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ სტუმრად „მონცას“ დაუპირისპირდა და უქულოდ დარჩა.

ლუჩანო სპალეტიმ შემადგენლობა ისევ გადაახალისა, ხვიჩა კვარაცხელიაც ზედიზედ მეორედ დატოვა თადარიგში, მაგრამ მის გარეშე „ნაპოლის“ შეტევაში თამაში უბრალოდ არ აქვს. მართალია, დღეს ვერც კვარამ გაამწვავა თამაში, მაგრამ ფაქტია, რომ მის გარეშე „აძურის“ ძალიან უჭირდა.

მე-18 წუთზე ანგარიში დანი მოტამ ახლო მანძილიდან გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე ანდრეა პეტანიამ სხვაობა გააორმაგა. სპალეტის გუნდმა თითქმის ვერაფერი შეძლო, რთული გასახსენებელია რეალური საგოლე მომენტიც კი. ხვიჩამ მეორე ტაიმი სრულად ითამაშა, მაგრამ წინა მატჩისგან განსხვავებით ამჯერად გუნდის თამაშს კვალი დიდად ვერ დაატყო.

ზოგადად, „ნაპოლის“ დაეტყო უმოტივაციო მდგომარეობა და თამაშის ხარისხიც მკვეთრად დაეცა. კვარაცხელიას კი 19 მარტის მერე მშრალი სერია აქვს: ზედიზედ მე-11 მატჩი იყო უგოლოდ და საგოლე პასის გარეშე. თუმცა კი, მიმდინარე სეზონში 40 შეხვედრაში 14 გოლით, 14 საგოლე პასით და 5 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა თავი, ასე რომ, ეს სეზონი უკვე ფანტასტიკურია.

ისე კი, „მონცა“ კვარასთან დადებითად ასოცირდება: პირველ წრეში ორი გოლი გაუტანა, მისთვის „სტადიო მარადონაზე“ სადებიუტო თამაშში და ზოგადად, „ნაპოლის“ რიგებში ერთადერთი დუბლი სწორედ „მონცას“ შეუსრულა ამ სეზონის მეორე ტურში. ამჯერად მოედანზე განსხვავებული ვითარება იყო.

„ნაპოლის“ 83 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 21 მაისს, მილანის „ინტერს“ უმასპინძლებს.

„მონცა“ – „ნაპოლი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 დანი მოტა (18), 2:0 პეტანია (53)


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:36 | 14.05.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

კვარას კარგი დასვენება არ აწყენდა, ჯობია დარჩენილი თამაშები საერთოთ გამოტოვოს, ნაკრებისთვისაც მოემზადება და მისი მშრალი უგოლო სერია კიდევ უფრო არ გაიზრდება, რაზეც ძალიან ბევრია ჩასაფრებული

21:17 | 14.05.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ხუთი ტურით ადრე ჩემპიონი რომ გახდები, ძნელია დანარჩენ თამაშებში ბოლომდე მოტივირებული იყო

19:32 | 14.05.2023
ბაგი-რეი (2264)

სანაკრებო პაუზამ იქონია ყველაზე გავლენა. ახლაც სანაკრებო პაუზაა საჭირო და მოიხოდებიან. გახალისდებიან. ფსიქოლოგიური მომენტია, რომ ადრე ხდები ჩემპიონი და იკიდებ თამაშებს. ოღონდ ფორმა არ უნდა დაკარგონ მომავალი სეზონისთვის.

19:21 | 14.05.2023
georgianwelder (778)

მაგარი ჩავარდნა აქვს მერამდენე თამაშია შედეგიანი არაფერი გაუკეთებია, გადაიღალა ალბათ.

0.14389