ფეხბურთი

18:10 | 13.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ოსიმენში "ნაპოლის" 113 მილიონს და ორ ფეხბურთელს სთავაზობს

ლონდონის „ჩელსი“ „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

აურელიო დე ლაურენტისს ნიგერიელის გაყიდვა არ სურს და მასთან კონტრაქტის განახლებასაც ცდილობს, რომელიც 2025 წელს იწურება, მაგრამ გამორიცხული მაინც არ არის, რომ ოსიმენმა ზაფხულში ნეაპოლი დატოვოს, რადგან ბევრი ევროპული გრანდი იწვევს.

დე ლაურენტისი ოსიმენს დაახლოებით 150 მილიონ ევროდ აფასებს, „ჩელსი“ კი მზადაა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. როგორც ცნობილი გახდა, ინგლისელები მზად არიან „ნაპოლის“ ოსიმენში 113 მილიონი ევრო გადაუხადონ, გარდა ამისა, კრისტიან პულიშიჩი და კეპა არისაბალაგა დაუთმონ. საინტერესოა, რომ პულიშიჩს „აძურის“ კარგა ხანია უკავშირებენ, ცოტა ხნის წინ კი დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ინტერვიუში ღიად აღნიშნა, რომ სურს ამერიკელი ფეხბურთელი დაიმატოს, რისი მიზანიც ამერიკაში კლუბის პოპულარობის გაზრდაა. თავის მხრივ, კეპა „ნაპოლიში“ გადასვლასთან ახლოს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს იყო.

ოსიმენის პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია, მაგრამ „ჩელსი“ მომდევნო სეზონში ამ ტურნირზე ვერ ითამაშებს, რამაც შეიძლება მის არჩევანზე იმოქმედოს. ნიგერიელ ფორვარდს „ბაიერნსაც“ უკავშირებდნენ, მაგრამ გერმანელებმა მაღალი ფასის გამო უკან დაიხიეს. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ვიქტორ ოსიმენმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 მატჩში 28 გოლი გაიტანა.

0.12096